დავითაია ჟენევის შეხვედრებზე სოხუმში ქართველების საფლავზე მიმდინარე მშენებლობების საკითხის განხილვას მოითხოვს
დავითაია ჟენევის შეხვედრებზე სოხუმში ქართველების საფლავზე მიმდინარე მშენებლობების საკითხის განხილვას მოითხოვს
16:21 04.06.2012
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე პაატა დავითაია ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში აფხაზეთში ქართველების საფლავების განადგურების საკითხის განიხილვას მოითხოვს.
როგორც დღეს დავითაიამ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, მან კონკრეტული ფოტომასალა მიიღო, რომელზეც სოხუმში და გულრიფში ქართველების საფლავების მასიური განადგურების ფაქტებია ასახული.
„რეალურად ქართველების საფლავების ადგილზე კორპუსების მშენებლობა დაიწყო, რაც ქართული კვალის წაშლის მცდელობაა, თუ ეს პროცესი არ შეჩერდა ეთნიკური წმენდის ტოლფასია“- განაცხადა დავითაიამ.
მისი თქმით აღნიშნული ინფორმაცია სასწრაფოდ უნდა მიეწოდოს საერთაშორისო თანამეგობრობას და ჟენევის ფორმატში შეხვედრებზე უნდა იქნეს განხილული.
პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ საგარეო კომიტეტს დაავალა საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდოს.
„ეს არის ქართული რელიგიური და კულტურული ძეგლების განადგურების პოლიტიკის გაგრძელება და არაპირდაპირი გზით ეთნიკური წმენდის გაგრძელება“- განაცხადა ბაქრაძემ და ამ საკითხის ჟენევის მოლაპარაკებებზე განხილვა მოითხოვა.

ბეჭდვა