პრეზიდენტი - თბილისის აეროპორტში ხალხს ყვლეფენ, ბათუმის აეროპორტში კი - უსამართლოდ მაღალი ტარიფებია
პრეზიდენტი - თბილისის აეროპორტში ხალხს ყვლეფენ, ბათუმის აეროპორტში კი - უსამართლოდ მაღალი ტარიფებია
15:54 04.06.2012
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში არსებულ მაღალ ტარიფებზე ყურადღებას კიდევ ერთხელ ამახვილებს  და აცხადებს, რომ მათ ტარიფების შემცირება მოუწევთ.

როგორც მიხეილ სააკაშვილმა დღეს კოპიტნარის აეროპორტში განაცხადა, სადაც მალე ფრენას დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz air დაიწყებს, თბილისის აეროპორტში ხალხს ყვლეფენ, ბათუმის აეროპორტში კი - უსამართლოდ მაღალი ტარიფებია.

მისი თქმით, ავიაკომპანია Wizz air მგზავრებს კიევში 22 ევროდ გადაიყვანს, ხოლო კიევიდან ევროპის ქვეყნებში გასამგზავრებლად მათ სულ 15-20 ევროს დამატება დასჭირდებათ.

„თუ აქამდე ვინმეს ეგონა, რომ ფრენა 37 მანეთად მხოლოდ იმპერიის შემადგენლობაში ყოფნის პირობებში იყო შესაძლებელი, დღეიდან თავისუფალი ქვეყნიდან ევროპაში ფრენას 37 ევროდ შეძლებენ“-განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, თბილისისა და ბათუმის აეროპორტები ან ფასებს შეამცირებენ ან მგზავრებს დაკარგავენ, რადგან ხალხი ფრენას ქუთაისის აეროპორტიდან ამჯობინებს.

პრეზიდენტმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ვერა ქობალიას მადლობა გადაუხადა, რადგან დაბალფასიანი ავიაკომპანიების შემოყვანა სწორედ მისი იდეა იყო, რამაც პრეზიდენტის განმარტებით, გაქსუებული ავიაკომპანიების ნერვული რეაქცია გამოიწვია.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილეს, დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია Wizz Air-ს და საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის თანახმად, Wizz Air 2012 წლის სექტემბრიდან კიევის მიმართულებით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირი რეგულარული ავიარეისების შესრულებას გეგმავს. ფრენა კვირაში სამჯერ შესრულდება.

ბეჭდვა