ნიკოლოზ ვაშაკიძე ირანთან დისტანცირების თაობაზე საქართველოსადმი აშშ-ს თხოვნის შესახებ ინფორმაციას უარყოფს
ნიკოლოზ ვაშაკიძე ირანთან დისტანცირების თაობაზე საქართველოსადმი აშშ-ს თხოვნის შესახებ ინფორმაციას უარყოფს
14:38 04.06.2012
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ვაშაკიძე არ ადასტურებს ინფორმაციას, თითქოს, ამერიკა საქართველოს ირანისგან დისტანცირებას სთხოვს და ამ საკითხზე კონსულტაციას აწარმოებს.
როგორც ვაშაკიძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, საერთაშორისო პოლიტიკური დღის წესრიგში, ირანის თემა ბოლო დროს აქტუალური გახდა და ამ პროცესში შეერთებული შტატები და რეგიონის სხვა ქვეყნები, მათ შორის, საქართველო აქტიურადაა ჩართული.
მისი თქმით, საქართველო, გაერო-ს რეზოლუციებში გამოხატულ საერთაშორისოდ აღიარებულ პოლიტიკას ახორციელებს, ამავე დროს, საერთაშორისო რეჟიმით დაშვებულ სფეროებში ირანთან თანამშრომლობს.
მინისტრის მოადგილის განმარტებით, საუბარია ეკონომიკის სფეროს მიმართულებებზე, კულტურულ და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობაზე და სხვა.
ვაშაკიძის განცხადებით, ირანის საკითხთან დაკავშირებით საერთაშორისო არენაზე, მათ შორის, საქართველოსთან, აზრთა გაცვლა მუდმივად ხდება. ამაში, მისივე განცხადებით, განსაკუთრებული არაფერია და ეს ჩვეულებრივი ყოველდღიური პროცესია.
„პრინციპულად და თვისობრივად განსხვავებული განხილვა ამ საკითხთან დაკავშირებით არ მომხდარა. არავითარი თხოვნა საქართველოს მიმართ, რომ დისტანცირება მოახდინოს ირანთან, არ ყოფილა“-აღნიშნა ვაშაკიძემ.
მისი თქმით, მედიის მხრიდან აღნიშნულ საკითხზე განსაკუთრებული ფოკუსირება მიზანშეწონილი არ არის.

ბეჭდვა