ექსპერტი ზურაბ აბაშიძე მიიჩნევს, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის საქართველოში ვიზიტი საქართველოსა და ამერიკას შორის არსებულ
პარტნიორულ ურთიერთობებს უკავშირდება.
როგორც მან „ნიუსპრესს“ განუცხადა, აშშ საქართველოს მეგობარი ქვეყანაა, რომელთანაც სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტია აქვს გაფორმებული.
მისივე თქმით,შეერთებული შტატები საქართველოსთან სხვადასხვა მიმართულებითაც თანამშომლობს, მათ შორის, უშიშროების სფეროში, ეკონომიკურ საკითხებში და სხვა.
„გვეხმარებიან დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაში, არჩევნების ნორმალურად ჩატარებაში და საერთოდ, ამერიკა ჩვენი უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტი, ჩვენი ყველაზე დიდი უცხოელი პარტნიორია“- განუცხადა „ნიუსპრესს“ აბაშიძემ და აღნიშნა, რომ ამერიკის მხრიდან კავკასიის რეგიონის მიმართ ინტერესი არსებობს და ამის დადასტურება აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მორიგი ვიზიტია.
აბაშიძის შეფასებით, ის ფაქტი, რომ ჰილარი კლინტონი ოპოზიციის, მათ შორის კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს შეხვდება, ახალს არაფერს ნიშნავს, რადგან მისივე თქმით, აშშ მხარს უჭერს საქართველოს ხელისუფლებას, ოპოზიციას და საერთოდ ქართულ სახელმწიფოებრიობას.
„ამერიკის მაღალი თანამდებობის პირები როდესაც ჩამოდიან საქართველოში, როგორც წესი, ხვდებიან ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლებს. კლინტონი წინა ვიზიტის დროსაც შეხვდა ოპოზიციას. ამ შეხვედრაშიც განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ“- აღნიშნა აბაშიძემ.
აშშ-ს სახელმწიფო მდივანი საქართველოში სომხეთიდან დღეს საღამოს ჩამოფრინდება, შეხვედრებს კი, ხვალ დილიდან დაიწყებს. იგი საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდება.
