პარტია „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო“ სოხუმში, სასაფლაოს ტერიტერიაზე, საცხოვრებელი სახლების შესაძლო
მშენებლობასთან დაკავშირებით, შეშფოთებას გამოთქვამს.
როგორც „დემოკრატიული მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოში „წითელი ჯვრის“ წარმომადგენლობამ დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სოხუმში, ყოფილი რესპუბლიკური საავადმყოფოს უკან მდებარე სასაფლაოს ტერიტორიაზე საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა მიმდინარეობს, რაც ამ საფლავების სრულ განადგურებას გამოიწვევს.
„დემოკრატიული მოძრაობა“ აფხაზ ხალხს მიმართავს და აღნიშნავს, რომ როცა ქართველი და აფხაზი ხალხის სულიერ სიწმინდეებს შეიძლება განადგურება დაემუქროს, ამ შემთხვევაში, დაპირისპირების მიუხედავად ხმა ყველამ უნდა აიმაღლოს.
„საფლავები არცერთი იურიდიული თუ ფაქტიური ხელისუფლების საკუთრებას არ წარმოადგენს. საფლავები ეს არის აფხაზი და ქართველი ხალხის, თითოეული ჩვენგანის სიწმინდე, რომელსაც უდიდესი მოფრთხილება სჭირდება“ - ნათქვამია განცხადებაში.
„დემოკრატიული მოძრაობა“ აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას მოუწოდებს, ამ ფაქტს წინ აღუდგენ და მსგავსი არაჰუმანური ნაბიჯის გადადგმა არ დაუშვან.
განცხადების თანახმად, წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა დემოკრატიული სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაცია ამ ფაქტს ნეგატიურად აღიქვამს, რაც აფხაზი ხალხის ტრადიციებისთვის მიუღებელია და მათ წესსა და ადათს ეწინააღმდეგება.
