„ქართული ოცნება“ მანანა კობახიძის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს ხელისუფლების მიერ აგორებულ კამპანიად მიიჩნევს
„ქართული ოცნება“ მანანა კობახიძის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს ხელისუფლების მიერ აგორებულ კამპანიად მიიჩნევს
12:49 04.06.2012
პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნება“ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მანანა კობახიძის  მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს ხელისუფლების მიერ აგორებულ ბინძურ კამპანიად მიიჩნევს.

ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე კოალიციის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ბოლო პერიოდში ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან საჯარო გამოსვლებში ხშირად ისმის, რომ თითქოს მანანა კობახიძე სექსუალური და ეროვნული უმცირესობების მიმართ არაეთიკურ გამონათქვამებს იყენებს და მათ უფლებებს არღვევს.

„ასეთი რამ პირველად მოხდა „მაესტროს“ ეთერში, როდესაც მე მქონდა დებატები უმრავლესობის წარმომადგენელთან ჩიორა თაქთაქიშვილთან, რომელმაც ჩემთან საუბარში დასდო ბრალი კობახიძეს იმაში, რომ იგი ეროვნულ უმცირესობებს იხსენიებს არაეთიკურად და მოიყვანა ვითომდა ციტატები მანანა კობახიძის არარსებული გამოსვლებიდან“- განაცხადა ფანჯიკიძემ და აღნიშნა, რომ მან ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები უმრავლესობის წარმომადგენელს პირდაპირ ეთერში სთხოვა.

ფანჯიკიძის განმარტებით, დაპირების მიუხედავად მტკიცებულებები არ მიუღია და კოალიცია აღნიშნულ ბრალდებაზე ყურადღებას არც გაამახვილდებდა, რომ არა სხვა ტელევიზიაში ერთ-ერთი რესპონდენტის მხრიდან ამის განმეორება.

„კოალიცია აცხადებს, რომ სრულიად აბსურდული და ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია ეს განცხადებები და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება, რაც ხელისუფლების მიერ აგორებული ბინძური კამპანიის ნაწილია“- განაცხადა ფანჯიკიძემ და აღნიშნა, რომ მანანა კობახიძე 10 წლის განმავლობაში უფლებადაცვით სფეროში საქმიანობდა და ხელისუფლების უკანონო ქმედებისგან არაერთ მოქალაქეს, მათ შორის უმცირესობების უფლებებსაც იცავდა.


ბეჭდვა