კოალიცია „ქართული ოცნება“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს ივნისის ბოლომდე დაასახელებს. ამის შესახებ განცხადება კოალიცია „ქართული ოცნების“ პრესსპიკერმა
მაია ფანჯიკიძემ დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე გააკეთა.
„ჩვენ გადაწყვეტილება მაჟორიტარების გარკვეულ რაოდენობაზე გვაქვს მიღებული და ქართულ საზოგადოებას ძალიან საინტერესო სახეებს შევთავაზებთ. მათი დასახელების პრიორიტეტი კი, კოალიციის ლიდერს ბიძინა ივანიშვილს აქვს“ - განაცხადა ფანჯიკიძემ.
მისი განმარტებით, იმერეთის რეგიონის მაჟორიტარები, სავარაუდოდ, ქუთაისში, დასახელდებიან.
„ბევრი ღირსეული კანდიდატი გვყავს, რომ სწორედ ამიტომ ჭიანურდებოდა გადაწყვეტილების მიღება. არავინ დარჩება უკმაყოფილო იმიტომ, რომ ჩვენ ყველა ერთ საერთო საქმეს ვემსახურებით“ - აღნიშნა ფანჯიკიძემ.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი თავის პირობას შეასრულებს და თვის ბოლომდე ყველა მაჟორიტარი კანდიდატის ვინაობას გააცნობს საზოგადოებას.
