ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების შესახებ ინფორმაცია დაზუსტდა.
როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ ვაშაკიძემ დღეს ბრიფინგზე განაცხადა, კლინტონი პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, პრემიერ-მინისტრს ნიკა გილაურს და სხვა ოფიციალურ პირებს, ასევე, პოლიტიკური პარტიების ლიდერებსა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდება.
აშშ-ს სახელმწიფო მდივანი საქართველოს პრემიერთან ერთად საქართველო-აშშ-ს სტატეგიული პარტნიორობის ქარტიის სხდომის თანათავმჯდომარე იქნება.
შეხვედრებზე, ქარტიის ფარგლებში, საკითხების ფართო სპექტრი განიხილება.
„პოლიტიკურ ლიდერებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრებზე განსაკუთრებული ყურადღება, მომავალ არჩევნებთან დაკავშირებით, საქართველოში მიმდინარე პროცესებზე გამახვილდება“ - განაცხადა ვაშაკიძემ.
მისი თქმით, აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის შეხვედრის ფარგლებში, თავდაცვისა და უსაფრთხოების, დემოკრატიისა და მმართველობის, ეკონომიკის, ენერგეტიკისა და ვაჭრობის, ასევე, ხალხთაშორისი და კულტურის სფეროში ურთიერთობის სამუშაო ჯგუფების შეხვედრები გაიმართება.
ჰილარი კლინტონის ვიზიტი საქართველოში 4-5 ივნისს შედგება, საქართველოდან აშშ-ს სახელმწიფოს მდივანი აზერბაიჯანში გაემგზავრება.
