აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ერიკ რუბინი, ელჩი მაიკლ კოზაკი და აშშ-ის ელჩი საქართველოში ჯონ ბასი ბათუმის დემოკრატიული
ჩართულობის ცენტრში საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებს შეხვდებიან.
შეხვედრა ბათუმში აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის სხდომამდე ერთი დღით ადრე გაიმართება.
როგორც „ნიუსპრესს“ აშშ-ს საელჩოდან აცნობეს, მხარეები საარჩევნო გარემოს საქართველოში აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების გამჭვირვალობისა და პასუხისმგებლობის საკითხებს განიხილავენ, აგრეთვე ეთნიკური ჯგუფების თანაცხოვრების, სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და პროფკავშირების პრობლემებს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ერიკ რუბინი და ელჩი მაიკლ კოზაკი სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის სხდომაზე დემოკრატიის სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარეები იქნებიან.
ამერიკის მთავრობამ, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში დემოკრატიული ჩართულობის 10 ცენტრი გახსნა. ცენტრების მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს საზოგადოების სამოქალაქო აქტიურობასა და ჩართულობას.
