„ქართული ოცნების“ გორის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ოფისის გატეხვას პოლიტიკურ მოტივს უკავშირებს
„ქართული ოცნების“ გორის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ოფისის გატეხვას პოლიტიკურ მოტივს უკავშირებს
11:56 03.06.2012
გორში პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ რაიონული ოფისი გატეხეს. 
როგორც „ნიუსპრესს“ გორის რაიონული ოფისის ხელმძღვანელმა თამაზ შიოშვილმა განუცხადა, ოფისის გატეხვის შესახებ მას დილის 7 საათზე შეატყობინეს.
მისი ინფორმაციით, გატეხილია „ქართული ოცნების“ გორის რაიონული ოფისის შუშის კარი, წაღებულია 2 კომპიუტერი, ინტერნეტის მოდემი და სხვადსხვა დოკუმენტები.
„საბუთები რაც ელაგა, ყველაფერი წაიღეს. ალბათ, ჩვენი მხარდამჭერების ანკეტები ეგონათ. ეს უფრო ინფორმაციის მიღების მიზნით არის გაკეთებული. ეგონათ, რომ კომპიუტერშიც რამე მნიშვნელოვან ინფორმაციას ვინახავდივთ, თუმცა ეს ასე არ არის“ - აღნიშნა თამაზ შიოშვილმა.
მისივე თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ ძირითადად დოკუმენტებია წაღებული, აღნიშნული ფაქტს შესაძლოა, პოლიტიკური მოტივი ჰქონდეს.
შიოშვილის განმარტებით, გარდა კომპიუტერებისა, ოფისში გაცილებით უფრო ღირებული ნივთები - 4 ახალი გაუხსნელი გამათბობელი და სხვა საოფისე ტექნიკა იყო, რაც ოფისის ხელმძღვანელებს ხელუხლებელი დახვდათ.
„ჩვენთან ძალიან ბევრი ხალხი მოდის და პოლიტიკურმა ტემპერატურამ აიწია. ალბათ შეეცადნენ, რომ შიში დანერგონ ხალხში, მაგრამ ჩვენ ამის მიხედავად, ვძლიერდებით და მუშაობის მეტი სტიმული გვეძლევა“- განუცხადა „ნიუსპრესს“ შიოშვილმა.
მისივე ინფორმაციით, აღნიშნული ფაქტით სამართალდამცავები უკვე დაინტერესდნენ, შემთხვევის ადგილზე ექსპერტიზა ჩატარდა და გამოძიება დაწყებულია.
„სამწუხაროა, როცა შინაგან საქმეთა მინისტრი და პრეზიდენტი ასე ამაყობენ, რომ საქართველოში კრიმინალი აღარაა, იმ ქალაქში, სადაც ბატონი ვანო მერაბიშვილი კვირაში 5 დღეს ატარებს, ასეთი რამ მოხდა“ - აღნიშნა „ქართული ოცნების“ გორის რაიონული ოფისის ხელმძღვანელმა.
მისივე თქმით, გორის ოფისს მომხდარის გამო მუშაობა არ შეუჩერებია და იგი კვლავ ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირებს.

ბეჭდვა