აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ძირითადად სამი სახის შეხვედრა იგეგმება.
როგორც „ნიუსპრესს“ საქართველოში აშშ-ს საელჩოში განუცხადეს, შეხვედრები 5 ივნისს ბათუმში დილიდან გვიან ღამემდე გაგრძელდება.
საელჩოს ცნობით, ჰილარი კლინტონის მონაწილეობით დაგეგმილია სტრატეგიული ქარტიის ფარგლებში შეხვედრები, რის შემდეგაც სახელმწიფო მდივანი ქვეყნის პრეზიდენტს მიხეილ სააკშვილს შეხვდება და შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.
კლინტონი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებსაც შეხვდება, თუმცა, ჯერ არ კონკრეტდება, რომელი პარტიები არიან მიწვეული.
ამასთანავე, ამ დროისთვის უცნობია, შედგება თუ არა შეხვედრა აშშ-ს სახელმწიფო მდივანსა და კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერ ბიძინა ივანიშვილს შორის.
საელჩოს განმარტებით, აშშ-ს მაღალი რანგის თანამდებობის პირების ვიზიტების დროს შეხვედრებზე ოპოზიციური პარტიების მიწვევა რამდენიმე კრიტერიუმის საფუძველზე ხდება. მათ შორისაა - წარმოდგენილია თუ არა პარტია პარლამენტში ან რომელიმე არჩევით ორგანოში, საელჩო ითვალისწინებს სანდო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევას, ასევე, ყურადღება მახვილდება იმაზე, ცდილობს თუ არა კონკრეტული ოპოზიციური პარტია ხელისუფლების შეცვლას მშვიდობიანი გზით, საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილ ჩარჩოში.
ჰილარი კლინტონი საქართველოში სომხეთიდან ჩამოვა და 6 ივნისს იგი უკვე აზერბაიჯანს ეწვევა.
