ქუთაისში აქციის ჩატარების თარიღზე „ქართული ოცნება“ დღეს იმსჯელებს
ქუთაისში აქციის ჩატარების თარიღზე „ქართული ოცნება“ დღეს იმსჯელებს
10:46 03.06.2012
პოლიტიკური კოალიცია „ქართულ ოცნება“ ქუთაისში აქციის ჩატარების თარიღზე გადაწყვეტილებას დღეს მიიღებს. ამის შესახებ „ნიუსპრესს“ კოალიციის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ დღეს განუცხადა.

„ჯერჯერობით, გადაწყვეტილება მიღებული არ არის. დღეს ვიმსჯელებთ და დღის განმავლობაში გადაწყვეტილებას აუცილებლად მივიღებთ, რადგან ხვალ მერიას კვლავ უნდა მივმართოთ“ - განაცხადა ფანჯიკიძემ.

მისი თქმით, აქციის 10 ივნისს 18.00 საათზე ალტერნატიულ ადგილზე ჩატარებაც განიხილებოდა, თუმცა, ეს ჯერ გადაწყვეტილი არ არის.

ბოლო პასუხის თანახმად, ქუთაისის მერია კოალიციას ქალაქის ცენტრალურ მოედანზე აქციის ჩატარებას 11-დან 15 ივნისამდე სთავაზობს.

ქუთაისში კოალიციის აქცია 7 ივნისს უნდა გამართულიყო, თუმცა, "ჯეოსტარელების" კონცერტის გამო, ქუთაისის მერიამ "ქართულ ოცნებას" აქციის გამართვაზე უარი უთხრა. რამდენიმე დამატებითი წერილისა და მერიისგან პასუხის პროცესში, „ქართულ ოცნებას“ აქციის ჩასატარებლად ქალაქის ცენტრალური მოედნის ნაცვლად, აღმაშენებლის ძეგლის მიმდებარე ტერიტორია ბალახვანის 100 საფეხურიანი კიბეებიც შესთავაზეს.

ბეჭდვა