ქუთაისის მერია „ქართულ ოცნებას“ ქალაქის ცენტრალურ მოედანზე აქციის ჩატარებას 11- 15 ივნისს სთავაზობს
ქუთაისის მერია „ქართულ ოცნებას“ ქალაქის ცენტრალურ მოედანზე აქციის ჩატარებას 11- 15 ივნისს სთავაზობს
20:31 02.06.2012

ქუთაისის მერია პოლიტიკურ კოალიცია „ქართულ ოცნებას“ ქალაქის ცენტრალურ მოედანზე აქციის ჩატარებას 11- 15 ივნისს სთავაზობს.



როგორც ქუთაისის მერიის აპარატის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა თენგიზ თოფურიძემ განაცხადა, ქალაქის ხელმძღვანელობა კოალიციას სთავაზობს წერილით მიმართოს მერიას და 11-დან 15 ივნისამდე აირჩიოს სასურველი თარიღი და დრო ცენტრალურ მოედანზე აქციის გამართვის მიზნით .

„იქიდან გამომდინარე, რომ პატივს ვცემთ დემოკრატიულ ღირებულებებს , ასევე, არ გვინდა ეს ყოველივე საზოგადოების მხრიდან აღქმული იქნას სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად , მათ ვთავაზობთ 11-დან 15 ივნისამდე ნებისმიერ დროს“- განაცხადა თოფურიძემ და აღნიშნა რომ 7, 8, 9 და 10 ივნისს ქუთაისში მასშტაბური ღონისძიებებია დაგეგმილი შემდეგ კი, უფრო მცირე მასშტაბიანი.

თოფურიძის განცხადებით, მერია კოალიციას პასუხს დაუყოვნებლივ გასცემს.

როგორც ცნობილია, ქუთაისში კოალიციის აქცია 7 ივნისს უნდა გამართულიყო, თუმცა, "ჯეოსტარელების" კონცერტის გამო, ქუთაისის მერიამ "ქართულ ოცნებას" აქციის გამართვაზე უარი უთხრა.


ბეჭდვა