მიხეილ სააკაშვილი ბათუმში კლასიკური მუსიკის კონცერტს დაესწრო
მიხეილ სააკაშვილი ბათუმში კლასიკური მუსიკის კონცერტს დაესწრო
14:59 02.06.2012
საქართველოს პრეზიდენტი ბათუმში, კლასიკური მუსიკის კონცერტს დაესწრო.

მიხეილ სააკაშვილი ხელოვნებისა და მუსიკის ცენტრში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ლიტვის ყოფილ პრეზიდენტ ვალდას ადამკუსთან ერთად დაესწრო.
სიტყვით გამოსვლისას მან საქართველო-ლიტვის მეგობრულ ურთიერთობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს მტრების გარდა, უცხოეთში ბევრი მეგობრები ჰყავდა. ერთ-ერთი ასეთი ადამიანი მეგობარი კი, ლიტვის პრეზიდენტი ვალდას ადამკუსია.

მისი თქმით, 2008 წელს, როდესაც საქართველოში მტერი შემოიჭრა და ქვეყნის დამოუკიდებლობა ეჭვქვეშ დადგა, თბილისის ცენტრში რამდენიმე ათასი მოქალაქე შეიკრიბა.

„იმ დღეს რამდენიმე ევროპელი ლიდერი თვითმფრინავში ჩაჯდა და თბილისის ცენტრში გამოემართა, რომელზეც რაკეტები იყო დამიზნებული. მათ უთხრეს, რომ ამ თვითმფრინავს ჩამოაგდებდნენ. ისინი მეზობელ აზერბაიჯანში ჩავიდნენ, იქედან მანქანით ჩამოვიდნენ საქართველოში და გვიან ღამით იმ ხალხთან მივიდნენ, რომლებიც მათ ელოდებოდნენ“ - აღნიშნა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, ადამკუსმა თავისი პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მოგვარებისთვის ბოლომდე იბრძოლა.

„ის, რომ ჩვენმა პატარა ქვეყანამ თავისი დამოუკიდებლობის გადარჩენა, თუნდაც, ნაწილობრივ ოკუპირებულ ტერიტორიებით შეძლო, ეს არის საწყისი და საფუძველი იმისა, რომ ოკუპაციაც დამთავრდება და უკეთესი დღეებიც დაგვიდგება, მაგრამ მთავარია ჩვენ ჩვენი გამბედაობის ღერძი შევინარჩუნოთ“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ბათუმში გამართულ კონცერტს თურქეთის ვიცე პრემიერიც დაესწრო.

ბათუმის მუსიკისა და ხელოვნების ცენტრში გამართულ გალა კონცერტში ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრი დავით მუქერიას დირიჟორობით მონაწილეობდა.

მიხიელ სააკაშვილის ინფორმაციით, კონცერტი ევროპის 27 ქვეყანაში პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა.


ბეჭდვა