პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია „ღია დემოკრატიის კომიტეტის“ წარმომადგენლებსა და უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ყოფილ თავმჯდომარეს იაროსლავ დავიდოვიჩს შეხვდა.
შეხვედრის ძირითადი თემა საქართველოში მოსალოდნელი საპარლამენტო არჩევნები და წინასაარჩევნო გარემო იყო. მას კოალიციის სხვა ლიდერებიც ესწრებოდნენ.
„დეტალურად განვიხილეთ ყველა საკითხი დაწყებული საარჩევნო სიებიდან, ოქმების გაფორმებამდე. ის რაც შეიძლება მოხდეს გაყალბების პერიოდში, რას უნდა მივადევნოთ თვალი და რას დააკვირდებიან თვითონ“- აღნიშნა კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ვიქტორ დოლიძემ.
შეხვედრას „ღია დემოკრატიის კომიტეტის“ პრეზიდენტი ტომ ნოლანი და კომიტეტის წევრები - რონ ხიჩი, ჯო რაის ჯონსონი და ბრაიან მეფორდი ესწრებოდნენ.
კოალიცია „ქართული ოცნების“ ცნობით, ექსპერტი იაროსლავ დავიდოვიჩი საქართველოში „ღია დემოკრატიის კომიტეტის“ მოწვევით ჩამოვიდა. იგი სპეციალური მრჩეველი იქნება და დახმარებას გაუწევს კომიტეტს საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის რეკომენდაციების მიცემაში.
