მოსამართლეთა მივლინებების საკითხთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციებს შენიშვნები აქვთ.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დღეს პარლამენტში გამართულ შეხვედრაზე "საერთო სასამართლოებში საქმეთა განაწილებისა და უფლებამოსილების სხვა მოსამართლისათვის დაკისრების წესის შესახებ" კანონში ცვლილებები განიხილეს.
კანონპროექტი მოსამართლეების სხვა სასამართლოში მივლინების ვადებს და წესებს აკონკრეტებს. კერძოდ, დგინდება, რომ მოსამართლეების სხვა სასამართლოში მივლინება შეიძლება განხორციელდეს მისი თანხმობით 1 წლამდე ვადით. აუცილებლობის შემთხვევაში, მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს შეუძლია გადაწყვეტილება მიიღოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით. უფლებამოსილების დაკისრების ვადის გაგრძელება შესაძლებელია არა უმეტეს 1 წლით რისთვისაც მოსამართლის თანხმობაა აუცილებელი.
არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის განცხადებით, მოსამართლის სხვა სასამართლოში მივლინება მხოლოდ მოსამართლის თანხმობით უნდა ხდებოდეს. მათ მიაჩნიათ, რომ კანონპროექტიდან უნდა ამოიღონ ის მექანიზმი, რომელიც მოსამართლის მივლინებაზე გადაწყვეტილების უფლებას იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრებსაც აძლევს.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ჩიორა თაქთაქიშვილის განცხადებით, მოსამართლეებს იშვიათად აქვთ სხვა რეგიონებში მივლინების სურვილი რის გამოც შესაძლოა, მოქალაქეები სასამართლოს გამოყენების უფლების გარეშე დარჩნენ. მისი თქმით, იურიდიული კომიტეტი აუცილებლად მიიჩნევს დამცავი მექანიზმის ასახვას კანონმდებლობაში, რაც ამ შემთხვევაში იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრთა უმრავლესობის გადაწყვეტილებაში გამოიხატება.
