უწყებათაშორისი კომისიის „თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის“ რეკომენდაცია, უწყებებში საკადრო ცვლილებებისა და რეორგანიზაციის შეჩერების შესახებ, საპარლამენტო არჩევნებამდე პრევენციის ხასიათს ატარებს.
ამის შესახებ „ნიუსპრესს“ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლაშა თორდიამ განუცხადა.
უწყებათაშორისმა კომისიამ გუშინ ადმინისტრაციულ ორგანოებს დაგეგმილი ან შესაძლო ოპტიმიზაციის პროცესის შეჩერების რეკომენდაციით მიმართა.
„ეს იყო პრევენციული სახის განცხადება, რათა ცალკეულმა ორგანიზაციებმა, მათ შორის კერძომ, წინასაარჩევნოდ არ განახორციელონ რეორგანიზაცია, რომელიც კადრების გათავისუფლებას უკავშირდება, რათა ამ პროცესს სარჩულად პოლიტიკური მოტივი არ დაედოს“ – განაცხადა თორდიამ.
მისი თქმით, არსებობს საზოგადოებრივი ვნებათაღელვა იმასთან დაკავშირებით, ათავისუფლებენ თუ არა ცალკეული სამსახურებიდან ადამიანებს პოლიტიკური ნიშნით.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ამ ეტაპზე ორგანიზაციებმა თავი უნდა შეიკავონ მასიური რეორგანიზაციის ან შიდასაკადრო ცვლილებებისგან.
რაც შეეხება არჩევნების შემდგომ პერიოდს, თორდიამ აღნიშნა, რომ ყველა უწყებას აქვს გარკვეული საკადრო ცვლილების განხორციელების უფლება.
გუშინ კომისიამ ადმინისტრაციულ ორგანოებს და მათზე დაქვემდებარებულ უწყებათა ხელმძღვანელობას, ასევე, საჯარო სკოლების ადმინისტრაციებს მიმართა, რომ საარჩევო პროცესის გათვალისწინებით, ამ ეტაპზე დაგეგმილი ან შესაძლო ოპტიმიზაციის პროცესი შეაჩერონ და მხოლოდ დისციპლინარული ან სხვა სახის დარღვევის შემთხვევებში მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილებები, რათა თავიდან იქნას აცილებული პოლიტიკური მოტივით გათავისუფლების საფუძვლიანი თუ უსაფუძვლო ბრალდებები.
