მიხეილ სააკაშვილი გერმანიის ეკონომიკის მინისტრს დირკ ნიბელს შეხვდა
მიხეილ სააკაშვილი გერმანიის ეკონომიკის მინისტრს დირკ ნიბელს შეხვდა
16:11 01.06.2012
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალურ მინისტრს დირკ ნიბელს შეხვდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა ორი ქვეყნას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივაზე ისაუბრეს და სამომავლო გეგმები დასახეს.
მიხეილ სააკაშვილმა და დირკ ნიბელმა საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს.
„თქვენი ვიზიტი ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია. რამდენიმე კვირის წინათ საქართველოს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვია, ახლა თქვენ ჩამობრძანდით, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობა კიდევ უფრო ღრმავდება“ - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
დირკ ნიბელმა ყურადღება საქართველოში განხორციელებულ წარმატებულ ეკონომიკურ პროექტებზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში გერმანელი ბიზნესმენებისთვის საინტერესო და მიმზიდველი საინვესტიციო გარემოა.
მისი თქმით, გერმანული მხარე მზადაა, როგორც ენერგეტიკის სექტორში, ისე მუნიციპალური ინფრასტრუქტურული პროექტების მხრივ, თბილისსა და ბათუმში ერთობლივი პროექტები განახორციელოს.
ადმინისტრაციის ინფორმაციით, გერმანიის მთავრობა საქართველოსთვის 52 მილიონ ევროს - შეღავათიანი სესხის, ხოლო 5,2 მილიონ ევროს - გრანტის სახით გამოუყოფს. ამის შესახებ სამთავრობო შეთანხმებას ხელი უკვე მოეწერა.

ბეჭდვა