კოალიცია „ქართულ ოცნებას“ ღონისძიების ჩასატარებლად ქუთაისის მერიის ნებართვა არ სჭირდება.
ამის შესახებ „ნიუსპრესს“ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა კობა დავითაშვილმა განუცხადა.
დავითაშვილის თქმით, იმისთვის, რომ კოალიციას აქციის გამართვის საშუალება არ ჰქონოდა, ქუთაისის მერიამ 7 ივნისს ამ დროს სხვა ღონისძიება დაამთხვია, თუმცა, მისივე თქმით, ამაზე არ გაჩერდა ერთთვიანი ფესტივალიც კი, დაგეგმა.
დავითაშვილის განცხადებით, კოალიცია ქუთაისის მერიას სთავაზობს ღონისძიების „ჯეოსტარელთა“ კონცერტის დასრულების შემდეგ, 20.00 საათზე გამართვას.
„რაც შეეხება ქუთაისის მერიის მიერ შემოთავაზებულ ვარიანტს, არ მესმის რა შეთავაზებებზეა საუბარი, როდესაც საქართველოს ყველა მოქალაქეს აქვს შეკრების უფლება“ - განაცხადა დავითაშვილმა და აღნიშნა, რომ ნებართვა საჭირო არ არის და მათ უბრალოდ აცნობეს, რომ 7-ში კოალიცია იკრიბება.
მისი თქმით, მერიამ „ქართულ ოცნებას“ აცნობა, რომ 17.00-დან 20.00 საათამდე მოედანი დაკავებულია, რასაც კოალიციამ უპასუხა, რომ მისი შეკრება 20:00 საათზე დაიწყება.
ქუთაისის მერიამ კოალიცია ,,ქართულ ოცნებას“ ქალაქის ცენტრალური მოედნის ნაცვლად, 7 ივნისის აქციის გამართვა აღმაშენებლის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბალახვანის 100 საფეხურიან კიბეებთან შესთავაზა.
კოალიციამ მერიაში 7 ივნისის აქციის გამართვასთან დაკავშირებით მიმართვა 28 მაისს შეიტანა. მერიამ აქციის ჩატარებაზე უარი განაცხადა იმ მოტივით, რომ სწორედ 7 ივნისს ცენტრალურ მოედანზე „ჯეოსტარელების“ მონაწილეობით გრანდიოზული კონცერტი იგეგმება.
კოალიციამ მერიას მეორე წერილით მიმართა და ცენტრალურ მოედანზე მშვიდობიანი აქციის ჩატარება კონცერტის შემდეგ ითხოვა, თუმცა, მუნიციპალიტეტმა მას ალტერნატიული ტერიტორია შესთავაზა.
კოალიცია „ქართული ოცნება“ 7 ივნისს ქუთაისში მშვიდობიანი აქციის ჩატარებას გეგმავს, სადაც კოალიციის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ქუთაისელებისთვის წინაასრჩევნო პროგრამის გაცნობას გეგმავს.
