პარტია „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო“ მედიაკავშირ „ობიექტივის“ ჟურნალისტებს სოლიდარობას უცხადებს.
როგორც „დემოკრატიული მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, დღეს საქართველოში მასმედიის საშუალებებზე ტოტალური კონტროლი და ზეწოლა ჩვეულებრივ მოვლენას წარმოადგენს.
განცხადების თანახმად, ამჟამად, ხელისუფლების დაშინების მთავარი ობიექტი ჟურნალისტთა კავშირი „ობიექტივი“ აღმოჩნდა.
„ახალი არ არის ის, რომ დღევანდელ ხელისუფლებას სიმართლის ეშინია და ცდილობს ჟურნალისტები დააშინოს, რათა განსხვავებული აზრის დაფიქსირების გამოსარიცხად ჟურნალისტებზე ზეწოლა გააძლიეროს“ - აღნიშნულია განცხადებაში.
მათი ინფორმაციით, მოახლოებულ საარჩევნო პერიოდში ხელისუფლება რეალურ ოპოზიციურ ძალებზე ზეწოლის გაძლიერებას და მასმედიის საშუალებების მონოპოლიზებას შეეცდება.
„დემოკრატიული მოძრაობის“ წარმომადგენლები საერთაშორისო ორგანიზაციებს ქმედითი ღონისძიებების გატარებისკენ მოუწოდებენ.
მედიაკავშირი „ობიექტივის“ ხელმძღვანელმა ირმა ინაშვილმა ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან „ობიექტივის“ ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებზე სხვადასხვა სახის ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით განცხადება 30 მაისს გაავრცელა.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, „ობიექტივის“ ოფისისა და თანამშრომელთა საცხოვრებელი კორპუსების წინ, სისტემატური ხასიათი აქვს ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელთა „მორიგეობას“, ასევე, უკანონო თვალთვალსა და სატელეფონო მოსმენას.
