პოლიტიკური მოძრაობა ,,ეროვნულები“ ხელისუფლებას ასპინძაში ატომური ელექტროსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებით
მიმდინარე მოლაპარაკებების გასაჯაროებას სთხოვს. შესაბამისი განცხადება მოძრაობის წევრებმა დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან გააკეთეს.
როგორც ,,ეროვნულების“ ერთ-ერთმა ლიდერმა შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა, თურქეთის ვიცე-პრემიერის საქართველოში გუშინდელი ვიზიტის რეალური მიზეზი, სწორედ აღნიშნულ ფარულ მოლაპარაკებათა ბოლო რაუნდი იყო.
მისი თქმით, ატომური ელექტროსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებით, საქართველოს, თურქეთის და აზერბაიჯანის მონაწილეობით უკვე შექმნილია სამმხრივი კომისია და ადგილზე გეოლოგიური სამუაშაოებიც ჩატარებულია.
ხაჭაპურიძის განმარტებით, გეოლოგიურ სამუშაობზე 50 მლნ ლარი დაიხარჯა. სადგურის მშენებლობის მიზეზი კი - თურქეთის მიმართ საქართველოს დავალიანებაა.
მისი თქმით, 2004-2005 წლებში საქართველოს თურქეთისთვის ელექტროენერგია უნდა მიეწოდებინა, რისთვისაც თურქულმა მხარემ 190 მლნ აშშ დოლარი გადაიხადა. თუმცა, ელექტროენერგიის მიწოდება არ მომხდარა.
„ამდენად, დღეს საქართველოს ხელსუფლება იძულებულია ატომური ელექტროსადგურის მშენებლობას დათანახმდეს“ - განაცხადა ხაჭაპურიძემ.
მან დღესვე, ასპინძაში დაგეგმილი ელექტროსადგურის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოების გეგმაც წარადგინა, რომელიც მისი თქმით, აღნიშნულ მოლაპარაკებებში ჩართულმა პირმა მიაწოდა. ხაჭაპურიძემ მისი ვინაობის გახმაურება არ ისურვა.
,,ეროვნულები“ აცხადებენ, რომ მოლაპარაკებებს ქართული მხრიდან საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური ხელმძღვანელობს და მასში გარემოს დაცვის მინისტრი გოგა ხაჩიძეც ჩართულია.
პოლიტიკურმა მოძრაობამ განცხადება მოლაპარაკების გასაჯაროების მოთხოვნით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეიტანა. მიმართვა პარლამენტის თავმჯდომარესა და საგარეო საქმეთა მინისტრსაც გაეგზავნა.
