საჯარო მოხელეების ან მათდამი დაქვემდებარებული სტრუქტურების თანამშრომლების გათავისუფლება მათი ან მათივე ნათესავების პოლიტიკური შეხედულებების გამო, კატეგორიულად დაუშვებელია.
ამის შესახებ განცხადებას უწყებათაშორისი კომისია „თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის“ ავრცელებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ნებისმიერი საჯარო უწყების წარმომადგენელს, გარდა საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების, პროკურატურის, დაზვერვის სამსახურისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საჯარო მოხელეებისა, სრული უფლება აქვს, ღიად გამოხატოს საკუთარი პოლიტიკური პოზიცია და მონაწილეობა მიიღოს წინასაარჩევნო კამპანიაში. საჯარო მოხელეებს საარჩევნო კამპანიის წარმოება მხოლოდ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ეკრძალებათ.
კომისიის განცხადებითვე, პოლიტიკური თანამდებობის პირებს არ აქვთ უფლება სამსახურებრივად დაავალდებულონ მათი ხელქვეითები, მონაწილეობა მიიღონ ან არ მიიღონ წინასაარჩევნო პოლიტიკურ კამპანიებში.
როგორც კომისიაში აცხადებენ, საჯარო მოხელეების გათავისუფლება მათი ან ნათესავების პოლიტიკური შეხედულებების გამო დაუშვებელია. თუმცა, ეს შეზღუდვა მხოლოდ საჯარო სამსახურის შესახებ კანონით განსაზღვრულ პირებზე ვრცელდება და არ გულისხმობს ისეთ ვითარებებს, როცა პოლიტიკური თანამდებობის პირს არსებითი აზრთა სხვადასხვაობა აქვს მის მიმართ დაქვემდებარებული სტრუქტურის ხელმძღვანელთან უწყებაში მიმდინარე პროცესების შესახებ.
„ასეთ შემთხვევებში, გათავისუფლება უნდა უკავშირდებოდეს მხოლოდ უწყებრივ პოლიტიკასა და შიდა საკითხებს და არა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მიღმა გამოხატულ პოლიტიკურ სიმპათიებს თუ ანტიპათიებს“- ნათქვამია განცხადებაში.
