თურქეთის ვიცე-პრემიერი ისტორიის წიგნში ბათუმის თურქეთის ტერიტორიად მოხსენიებაზე ინფორმაციას უარყოფს
თურქეთის ვიცე-პრემიერი ისტორიის წიგნში ბათუმის თურქეთის ტერიტორიად მოხსენიებაზე ინფორმაციას უარყოფს
17:00 31.05.2012
თურქეთის ვიცე-პრემიერ მინისტრი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თითქოს, თურქეთის ისტორიის სახელმძღვანელოში, ბათუმი თურქეთის ტერიტორიადაა მოხსენიებული.  ამის შესახებ თბილისში ვიზიტით მყოფმა ვიცე-პრემიერმა ბიულენთ არინჩმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.
არინჩმა აქვე, განმარტა, რომ ამის თაობაზე პირველად ესმის.
ვიცე-პრემიერის განცხადებით, მისთვის უცნობია ვინ ავრცელებს მსგავსი შინაარსის ინფორმაციას აღნიშნა, რომ თურქეთი არ დაუშვებს ცრუ ინფორმაციის გავრცელებას.
„ეს აგიტატორული კითხვაა და კომენტარს საჭიროდაც კი არ ვთვლი“-განაცხადა ბიულენთ არინჩმა.
პარტია „თავისუფალი საქართველოს“ და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა დღეს თურქეთის ელჩს საქართველოში ლევენთ მურათ ბურჰანს მიმართვა გაუგზავნეს.
მიმართვის თანახმად, „ცნობილი გახდა, რომ თურქეთის განათლების სამინისტროს მიერ დამოწმებულ თურქეთის ისტორიის მაღალი კლასების სახელმძღვანელოში, იმ ქვეყნების ჩამონათვალში, რომლებმაც 1918 წელს თურქეთის ტერიტორია „მიითვისეს“ საქართველოც მოხსენიებულია. თურქ ავტორთა განცხადებით, საქართველომ თურქეთის ისტორიული საკუთრების - ბათუმის ოკუპაცია მოახდინა“ - ნათქვამია მიმართვაში.
მიმართვის ავტორები იმედოვნებენ, რომ თურქეთის განათლების სამინისტროს მიერ დამოწმებულ ისტორიის სახელმძღვანელოში დაფიქსირებული ხარვეზი გამოსწორდება.

ბეჭდვა