საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია, მინისტრის პირველი მოადგილის ნიკოლოზ ვაშაკიძის ხელმძღვანელობით
თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა.
საგარეო უწყების ინფორმაციით, ვიზიტი საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 20 წლისთავს უკავშირდება.
ვიზიტის ფარგლებში, ნიკოლოზ ვაშაკიძე თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მეჰმეთ ფათიჰ ჯეილანს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოსა და თურქეთს შორის ორმხრივი პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების ფართო სპექტრი განიხილეს. ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების აუცილებლობას, საინვესტიციო პოტენციალის მაქსიმალურ გამოყენებას და ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს. შეხვედრაზე მხარეებმა ასევე რეგიონული და საერთაშორისო მნიშვნელობის აქტუალურ საკითხებზე, მათ შორის, ნატო-ს ჩიკაგოს სამიტის შედეგებზე ისაუბრეს.
როგორც თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, მისი ქვეყანა ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა. მან ხაზი გაუსვა, რომ თურქეთი ყოველთვის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევრო-ატლანტიკური მისწრაფების მხარდამჭერი იქნება.
ვიზიტის ფარგლებში ნიკოლოზ ვაშაკიძე თურქეთის ერთ-ერთ გავლენიან საერთაშორისო კვლევით ცენტრში სიტყვითაც გამოვიდა.
ვაშაკიძემ თურქეთ-საქართველოს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრა, მან ასევე მიმოიხილა საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითადი ვექტორები, ქვეყანაში განხორციელებული რეფორმები და მიმდინარე პოლიტიკური პროცესები.
გამოსვლის შემდეგ დისკუსია გაიმართა.
სამუშაო დღის ბოლოს, საქართველოს დამოუკიდებლობისა და თურქეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 20 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს საელჩომ საზეიმო მიღებაც გამართა.
