"დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" მთავარი საბჭოს წევრი თამარ ცინცაბაძე 20-ლარიანი ვაუჩერის დარიგებას ხელისუფლების მხრიდან წარმოებულ პიარ-კამპანიას
უწოდებს და აცხადებს, რომ ამ მიზნით ბიუჯეტიდან 25 მილიონი ლარის გამოყოფა ამომრჩეველთა მოსყიდვაა და არა საკუთარი მოქალაქეებისთვის სოციალური პრობლემების მოგვარება. მისი თქმით, ხელისუფლებას რომ პრობლემების მოგვარება სურდეს ამ პროექტს რამდენიმე თვის წინ განახორციელებდა, რადგან ზამთარი პრაქტიკულად უკვე გავიდა, ყინვების პიკმა გადაიარა და სოციალურად დაუცველ მოსახლეობაში სამწუხაროდ უკვე გვყავს ყინვისაგან ჯანმრთელობაშერყეული და გარდაცვლილი ადამიანები.
"დემოკრატიული მოძრაობა" კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ქვეყანას მართავს დამნაშავე ხელისუფლება, რომელმაც საკუთარი გაუაზრებელი ეკონომიკური პოლიტიკით გააღატაკა ქვეყნის მოსახლეობა. ასეთ ვითარებაში გამოსავალი მხოლოდდამხოლოდ ხელისუფლების შეცვლაა" - განაცხადა თამარ ცინცაბაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
მანვე აღნიშნა, რომ 20 ლარიანი ვაუჩერების დარიგება რეალურად არაფერს ნიშნავს, რადგან ბოლო პერიოდში საგრძნობლად გაიზარდა გადასახადები, ეს იქნება 112-ის მომსახურების, ნაგვის თუ სამარშუტო ტაქსებით მგზავრობის გადასახადი. "ასეთ პირობებში მოსახლეობისთვის 20 ლარიანი ვაუჩერის დარიგება მათთვის დიდი შეღავათი ნამდვილად ვერ იქნება" - განაცხადეს "დემოკრატიულ მოძრაობაში"
