„თავისუფალი საქართველოს“ წარმომადგენლებმა თურქეთის ელჩს საქართველოში მიმართვა გაუგზავნეს
„თავისუფალი საქართველოს“ წარმომადგენლებმა თურქეთის ელჩს საქართველოში მიმართვა გაუგზავნეს
11:58 31.05.2012
პარტია „თავისუფალი საქართველოსა“ და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა თურქეთის ელჩს საქართველოში ლევენთ მურათ  ბურჰანს მიმართვა გაუგზავნეს.

„თავისუფალი საქართველოს“, „წინააღმდეგობის მოძრაობის” წარმომადგენელები და სტუდენტები იმედოვნებენ, რომ „თურქეთის განათლების სამინისტროს მიერ დამოწმებულ ისტორიის სახელმძღვანელოში დაფიქსირებული ხარვეზი, თითქოს საქართველომ 1918 წელს თურქეთის ტერიტორია მიითვისაა”, გამოსწორდება.

„რამდენადაც ჩვენთვის გახდა ცნობილი, თურქეთის განათლების სამინისტროს მიერ დამოწმებულ თურქეთის ისტორიის სახელმძღვანელოში, რომელიც განკუთვნილია მაღალი კლასებისთვის, ჩამოთვლილია იმ ქვეყნების ნუსხა, რომლებმაც 1918 წელს თურქეთის ტერიტორია „მიითვისეს“. ამ ჩამონათვალში საქართველოც მოხსენიებულია, რომელმაც, როგორც თურქი ავტორები აცხადებენ, „თურქეთის ისტორიული საკუთრების“, ბათუმის ოკუპაცია მოახდინა“ - ნათქვამია მიმართვაში.

მიმართვის ავტორების განცხადებით, თურქი მაღალკლასელები ამ წიგნის საფუძველზე მიიჩნევენ, რომ საქართველომ მათი კუთვნილი ტერიტორია მიიტაცა.

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ისტორიულ ფაქტებს იშველიებენ და მიმართვის საშუალებით განმარტავენ, რომ ისტორიული წყაროებით VIII საუკუნეში აჭარა ბაგრატიონთა სამფლობელოს, “ქართველთა სამეფოს” ნაწილს წარმოადგენდა, ხოლო XI საუკუნიდან - საქართველოს ერთიანი ფეოდალური სახელმწიფოს შემადგენლობაში იყო. ასევე XIII საუკუნეში აჭარას სამცხე-საათაბაგო ფლობდა. XVI საუკუნის 70-იან წლებში იგი ოსმალეთმა დაიპყრო. 1878 წელს ბერლინის კონგრესის გადაწყვეტილებით, აჭარა სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს სხვა ისტორიულ მიწებთან ერთად, საქართველოს შემადგენლობაში შევიდა. 1921 წლის 13 ოქტომბრის ყარსის ხელშეკრულებით კი, აჭარა საქართველოს შემადგენლობაში დარჩა და მას ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსი მიენიჭა.

„ამის შემდეგ, არანაირი წერილობითი ხელშეკრულება ან შეთანხმება აჭარის საკითხზე თურქეთსა და საქართველოს შორის არ მომხდარა - ნათქვამია მიმართვაში.

ბეჭდვა