თბილისში ვიზიტით მყოფი ამერიკელი სენატორი რიჩარდ დურბინი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე საარჩევნო გარემოსთან
დაკავშირებული საკითხებით დაინტერესდა.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, „სამართლიანი არჩევნები“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ დურბინმა საერთაშორისო ორგანიზაციებთან - NDI, IRI და ISES - თან ერთად მიიღო.
როგორც „ნიუსპრესს“ საიას თავმჯდომარემ თამარ ჩუგოშვილმა განუცხადა, შეხვედრაზე ძირითადად საარჩევნო გარემოსა და საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. მისივე თქმით, საუბარი დემოკრატიის კუთხით არსებულ პრობლემებსაც შეეხო.
„მე ჩემი მხრიდან ყურადღება გავამახვილე სავალდებულო ტრანზიტის პრობლემაზე - როცა ტელეკომპანიებს ჩართვის პრობლემა ექმნებათ, „მაესტროს“ და „მე-9 არხს“ შეექმნათ მსგავსი პრობლემა. ვფიქრობ, რომ საარჩევნო პროცესში მნიშვნელოვანია საზოგადოებას განსხვავებული აზრის მოსმენის შესაძლებლობა ჰქონდეს და ამის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება“- აღნიშნა ჩუგოშვილმა.
მისივე თქმით, ვინაიდან საქართველოს ტერიტორიას ძირითადად 3 სატელევიზიო არხი ფარავს, საზოგადოებას დაუბალანსებელი ინფორმაცია მიეწოდება და ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია.
როგორც ჩუგოშვილმა აღნიშნა, კამპანია „ეს შენ გეხებას“ ფარგლებში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საკანონმდებლო წინადადებები პარლამენტშია შეტანილი და სენატორს განუმარტეს, რომ კამპანიის ფარგლებში სავალდებულო ტრანზიტის შემოღებას ითხოვენ.
„სენატორმა თქვა, რომ ეს ძალიან საინტერესო წინადადებაა. მას ბევრი არ უსაუბრია, ძირითადად ჩვენ გვისმენდა, კითხვებს სვამდა და ვპასუხობდით. მან მოინიშნა ჩვენი წინადადებები და თქვა, რომ აშშ-იც არის მსგავსი სისტემა და საინტერესოა ჩვენი შეხედულებებიც“- აღნიშნა ჩუგოშვილმა.
შეხვედრას „საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების“ წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
საქართველოში ამერიკელი სენატორი რიჩარდ დურბინი გუშინ ჩამოვიდა. ვიზიტის ფარგლებში იგი რეგიონული უსაფრთხოების და ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს ურთიერთობების საკითხს განიხილავს.
რიჩარდ დურბინი მეორე უმაღლესი რანგის სენატორია. ამას გარდა, ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის წევრიცაა. დურბინი სენატის ევროპულ საქმეთა ქვეკომიტეტსაც წარმოადგენს, რომლის იურისდიქციაშია ევროპის, მათ შორის, კავკასიის საკითხები. ევროპულ საქმეთა ქვეკომიტეტის პასუხისმგებლობის სფეროშია ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია (ნატო), ევროკავშირი, ასევე, ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია (ეუთო).
