საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის თურქეთში ვიზიტის ფარგლებში, ქართულმა მხარემ სტამბულის ბაჰჩე შეჰირის
უნივერსიტეტთან თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმა, რომელიც ქართველ სტუდენტებს შეღავათებით სარგებლობის საშუალებას აძლევს. ამის შესახებ პარლამენტის პრესსამსახური იუწყება.
„ყველა ქართველ სტუნდენტს, რომელიც გადაწყვეტს ამ უნივერსიტეტში სწავლას, ექნება 50%-იანი შეღავათი. გარდა ამისა, ყოველწლიურად, 8 ქართველი სტუდენტი ისწავლის უფასოდ და მათ უნივერსიტეტის მხრიდან მთლიანად აუნაზღაურდებათ როგორც სწავლის ღირებულება, ასევე ცხოვრების ხარჯები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ სტუდენტებს ჰქონდეთ ასეთი მაღალი დონის უნივერსიტეტებში სწავლის საშუალება“ - განაცხადა პარლამენტის სპიკერმა.
ბაქრაძემ უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ლექცია წაიკითხა.
დღესვე, მას ბაჰჩე შეჰირის უნივერსიტეტის საპატიო პროფესორის წოდება მიენიჭა.
პრესსამსახურის ცნობით, უნივერსიტეტში ახლო მომავალში საქართველოს კაბინეტი ამოქმედდება, რომელიც კათედრად გადაკეთდება.
"ეს თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენი ქვეყნები ახლოს არიან, როგორც გეოგრაფიულად, ისე კულტურულადაც. ჩვენ გვინდა რაც შეიძლება მეტი ქართველი სტუდენტი მივიღოთ და ურთიერთობები კიდევ უფრო გავაღრმაოთ" - განაცხადა უნივერსიტეტის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ ენვერ იუჯელიმ.
ბაჰჩე შეჰირის უნივერსიტეტი თურქეთის უდიდეს უნივერსიტეტთა სამეულში შედის, მასში 70 კოლეჯია გაერთიანებული და 150 ათასი სტუდენტი სწავლობს. უნივერისტეტს ფილიალები აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და დასავლეთ ევროპის ქვეყნებში.
