სახალხო დამცველი 15 პედაგოგის საქმეს სწავლობს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს.
როგორც „ნიუსპრესს“ ომბუდსმენის აპარატში განუცხადეს, ეს საქმეები სახალხო დამცველთან გასული წლის სექტემბრიდან დღემდეა შესული.
„სახალხო დამცველის აპარატში წარდგენილ განცხადებებში პედაგოგები მოუთითებენ, რომ ისინი გაათავისუფლეს პოლიტიკური ნიშნით“ – აცხადებენ ომბუდსმენის აპარატში.
როგორც საპარლამენტო ფრაქცია „ქრისტიან–დემოკრატების“ წევრი, ვიცე-სპიკერი ლევან ვეფხვაძე აცხადებს, როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების ანგარიშებში მონაცემები ქვეყნდება, სადაც საუბარია პედაგოგების, გამგეობების თანამშრომელთა და სხვა სამსახურებიდან პოლიტიკური ნიშნით ხალხის გათავისუფლების შესახებ.
„არსებობს ეუთო-ს კოპენჰაგენის ფუნდამენტური დოკუმენტი, რომელიც ძალიან მკაფიოდ მიჯნავს მმართველ პარტიასა და სახელმწიფო მოხელეს. სრული გაყოფა უნდა მოხდეს პოლიტიკური პარტიისა და სახელმწიფი ბიუროკრატიასა თუ სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის“ – განაცხადა ვეფხვაძემ.
დეპუტატი მიიჩნევს, რომ ამ პრინციპის აღრევა საფუძველშივე ეწინააღმდეგება კოპენჰაგენის დომკუმენტს და დემოკრატიულ სახელმწიფოს, რითაც სააკაშვილს თავის მოწონება სურს.
