ოჩიაური – მიმინოშვილი ატესტატებზე მას შემდეგ აღშფოთდა, რაც ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა
ოჩიაური – მიმინოშვილი ატესტატებზე მას შემდეგ აღშფოთდა, რაც ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა
17:34 30.05.2012
მმართველი გუნდის წევრს, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს ხათუნა ოჩიაურს გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელის მაია მიმინოშვილის კეთილსინდისიერებაში ეჭვი შეაქვს და ყალბ ატესტატებთან დაკავშირებით მისი აღშფოთების არ სჯერა.
„ძალიან გკვირვებული ვარ. თუ მაია მიმინოშვილი კეთილსინდისიერი თანამშრომელია თავისი უწყების, როგორ მოითმინა მან ერთი წლის მანძილზე ის, რომ, როგორც მას ჰგონია, სახელმწიფომ გასცა ყალბი დოკუმენტი. მთავარი ჩვენი პრინციპებია, რომლითაც ცხოვრებაში ვხელმძღვანელობთ. არ მჯერა ასეთი აღშფოთებების“ – განაცხადა ოჩიაურმა.
მიმინოშვილმა გუშინ განათლების მინისტრი კანონსაწინააღმდეგო ქმედებაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ მან 600–მდე ყალბი ატესტატი გასცა.
ოჩიაურის თქმით, მიმინოშვილი ერთი წლის თავზე მას შემდეგ აღშფოთდა, რაც კოლიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა.
დეპუტატმა ასევე განმარტა, რომ როდესაც არაქართულენოვანი სკოლების აბიტურიენტთა ნაწილმა ვერ ჩააბარა ეროვნული გამოცდა, პრობლემა შეიქმნა იმის გამო, რომ მათ სწავლის გაგრძელება სომხეთსა და აზერბაიჯანში სურდათ.

„გვთხოვეს, რომ მათთვის სკოლის სრული კურსის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი მიგვეცა. ჩვენ გამოვნახეთ ეს გამოსავალი – გავეცით მსგავსი სპეციალური სერიის დოკუმენტები, რომელსაც ძალა საქართველოში არ აქვს. ვფიქრობ, ეს იყო სწორი გადაწყვეტილება, რადგან არ დავტოვეთ 600 ბავშვი პერსპექტივის გარეშე“ – განაცხადა დეპუტატმა.
მისი თქმით, ეს არ არის ყალბი დოკუმენტი, ისინი ყალბი იმ შემთხვევაში იქნებოდა, თუ რომელიმე აბიტურიენტი ამ დოკუმენტს საქართველოში გამოიყენებდა.

ბეჭდვა