რამაზ საყვარელიძე - პრეზიდენტმა ბიძინა ივანიშვილს შესაძლოა, ორმაგი მოქალაქეობის მიღების საშუალება მისცეს
რამაზ საყვარელიძე - პრეზიდენტმა ბიძინა ივანიშვილს შესაძლოა, ორმაგი მოქალაქეობის მიღების საშუალება მისცეს
16:35 30.05.2012
ექსპერტი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტმა შესაძლოა, პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერს ბიძინა ივანიშვილს ორმაგი მოქალაქეობის მიღების საშუალება მისცეს.
როგორც მან „ნიუსპრესთან“ საუბარში განაცხადა, პრეზიდენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებებზე ხელის მოწერა აზრს კარგავს იმ ფონზე, როცა მისი მთავარი ადრესატი ცვლილებებით სარგებლობაზე უარს აცხადებს.
საყვარელიძის თქმით, უმრავლესობა ხაზს უსვამდა იმას, რომ ცვლილებები კონსტიტუციაში ბიძინა ივანიშვილისთვის შედის და მასზე პრეზიდენტის ხელის მოწერას ერთადერთი ახსნა შეიძლება ჰქონდეს - სააკაშვილმა იუკადრისა მიეღო რჩევა ივანიშვილისგან, რომელმაც მას ცვლილებებზე ხელის მოწერისგან თავის შეკავება ურჩია.
საყვარელიძე არ გამორიცხავს, რომ პრეზიდენტმა რჩევის მეორე ნაწილი გაიზიაროს და მას ორმაგი მოქალაქეობის მიღების პირობები შეუქმნას.
„ივანიშვილის საარჩევნო პროცესიდან ამოგდებით თუ ვინმე წააგებს, ეს სააკაშვილია. მისი არჩევნების ლეგიტიმურობა და მისთვის საინტერესო შედეგი უცხოელი პარტნიორების მხრიდან კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება“- განუცხადა „ნიუსპრესს“ საყვარელიძემ.
მისივე თქმით, მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებებით ქვეყნის სუვერენიტეტს საფრთხე ნამდვილად ექმნება, რადგან აღნიშნული ცვლილებები შესაძლოა, რომელიმე დაინტერესებულმა ქვეყანამ საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენოს.
“მაგალითად, ქვეყანამ, რომელიც დაინტერესებულა საქართველოს გამოყენებით, შეუძლია ევროკავშირის რომელიმე ქვეყნის მოქალაქე ჩამოიყვანოს, შეუქმნას აქ ცხოვრების პირობები და შესარულებინოს სხვადასხვა დავალება თავისი მიზნისთვის“- აღნიშნა საყვარელიძემ.
საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლის თანახმად, საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის და ხმის მიცემის უფლება საქართველოს მოქალაქეებთან ერთად ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეებსაც აქვთ, ძალაში დღეს შევიდა.
უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მიერ 22 მაისს დამტკიცებული ცვლილებების თანახმად, 2014 წლის 1 იანვრამდე საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის და ხმის მიცემის უფლება საქართველოს მოქალაქეებთან ერთად, შესაბამისი ასაკიდან აქვთ პირებს, რომლებიც დაბადებული არიან და ბოლო 5 წელი მუდმივად ცხოვრობენ საქართველოში და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეობა აქვთ. ამასთანავე, ცვლილების თანახმად, პარლამენტის წევრად შეიძლება აირჩეს პირი 21 წლის ასაკიდან.
აღნიშნული ცვლილება კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერს ბიძინა ივანიშვილს შემოდგომაზე დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლებას აძლევს. თუმცა, ბიძინა ივანიშვილმა პრეზიდენტს მოუწოდა მასზე ხელი არ მოეწერა, რადგან, მისი თქმით, აღნიშნული ცვლილება სახელმწიფოებრიობის და კონსტიტუციონალიზმის ფუნდამენტური პრინციპების საწინააღმდეგო ისეთი ქმედებაა, რომლის პრეცედენტიც მსოფლიოში არ არსებობს.

ბეჭდვა