მამუკა კაციტაძე საარჩევნო სიების ალტერნატიული დაზუსტების იდეას მიესალმება
მამუკა კაციტაძე საარჩევნო სიების ალტერნატიული დაზუსტების იდეას მიესალმება
14:21 22.02.2012
საარჩევნო სიების დაზუსტების ერთიანმა კომისიამ მოსამზადებელი ეტაპი უკვე დაასრულა.  ამის შესახებ "პრაიმ-თაიმის" პრესკლუბში სტუმრობისას კომისიის თავმჯდომარემ მამუკა კაციტაძემ განაცხადა. მისი თქმით, ამჟამად კომისია მუშაობის მეორე ეტაპზე გადადის, რაც კარდაკარ სიების გადამოწმების მოსამზადებელ პერიოდს გულისხმობს. კაციტაძის ინფორმაციით, კარდაკარი აპრილის შუა რიცხვებიდან დაიწყება და ორი თვე გაგრძელდება.
მამუკა კაციტაძის თქმით, ამ შემთხვევაში კარდაკარის პრინციპი იმით არის გამორჩეული, რომ კომისიის 11 100 რეგისტრატორი საქართველოს მასშტაბით ყველა ოჯახში შევა და სიებს გადაამოწმებს. მისივე განცხადებით, " განსაკურებული ყურადღება ე.წ. "მკვდარ სულებზე", სიებზე მიწერილ გაურკვეველ პიროვნებებზე და საზღვარგარეთ წასულ თანამემამულეებზე იქნება გაკეთებული, რადგან ეს სამი სფერო ყოველთვის პრობლემატურია ხოლმე სიების გადამოწმების პროცესში" - აღნიშნა კაციტაძემ.
კომისიის ხელმძღვანელის ინფორმაციით, დაზუსტებული სიების ერთიანი შედეგები პირველ აგვისტოს დაიდება. მან ასევე აღნიშნა, რომ მიესალმება ოპოზიციური ძალების მიერ გაცხადებულ ინიციატივას სიების ალტერნატიული დათვლის თაობაზე. კაციტაძე პირობას დებს, რომ კომისია დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში ოპოზიციურ პარტიებთან ითანამშრომლებს და ყველა ფაქტს საჯაროდ განიხილავს.
მამუკა კაციტაძემ ასევე აღნიშნა, რომ არჩვენების პერიოდში ამომრჩეველთა სიები ყველაზე ნაკლებ პრობლემური იქნება. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ სიების დაზუსტების კომისიამ ყველა გეგმა, ჩანაფიქრი და ვარაუდი განახორციელა არჩევნების პეროდში ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებით ნამდვილად არ იქნება პრობლემა.

ბეჭდვა