ხელისუფლებას განსხვავებული აზრის მქონე პიროვნებებზე ნადირობა აქვს გამოცხადებული. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პოლიტიკური
კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა განაცხადა.
მან ვარდების რევოლუციის წინა პერიოდთან გაავლო პარალელი და აღნიშნა, რომ ხელისუფლება ისეთ ვითარებაში იყოფება, როგორც ვარდების რევოლუციამდე იყო.
ხიდაშელმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება სამწუხარო შეცდომებს უშვებს და ამის ერთ-ერთი მაგალითი გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაა.
მისივე თქმით, განათლების სამინისტროს მესვეურებმა გამოცდების ეროვნული ცენტრის თანამშრომლების მიმართ უხეში და ძალადობრივი მეთოდებით გაილაშქრეს, რის გამოც ცენტრის თანამშრომლებმა მუშაობა შეწყვიტეს.
ხიდაშელის განცხადებით, აღნიშნული გარემოებები ცხადყოფს, თუ რა დამოკიდებულება არსებობდა განათლების სამინისტროში თანამშრომელთა მიმართ.
„ძალიან არაჯანსაღი ვითარებაა, როდესაც ხელისუფლება ყველგან მტრებს ხედავს და ნადირობა აქვს გამოცხადებული განსხვავებული აზრის წარმომადგენლებზე“ - განაცხადა ხიდაშელმა და აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ პირველად აღიარა, რომ ქვეყანაში ბიუროკრატია უნდა იყოს პარტიული საკუთრება, სწორება უნდა ჰქონდეს ბელადზე და ვისაც განსხვავებული აზრი აქვს, არ უნდა მუშაობდეს, ცხოვრებდეს და საარსებო წყარო არ უნდა ჰქონდეს.
ხიდაშელი მიიჩნევს, რომ ეს ნათელი დადასტურებაა იმისა, თუ რა შიში და პანიკა სუფევს ხელისუფლების შიგნით და რომ მისი რღვევის პროცესი უკვე დაწყებულია.
„თუმცა, ჯერ არ ვართ იმ ეტაპზე, როცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს მონსტრი ინგრევა, მაგრამ ზუსტად შემიძლია ვთქვა, რომ მონსტრში ისეთი დაბნეულობა და პანიკაა, რომ მათ საკუთარ მოქმედებებზე კონტროლი დაკარგეს“ - განაცხადა ხიდაშელმა.
მან გამოცდების ეროვნული ცენტის თანამდებობაზე პოლიციის აკადემიის რექტორის დანიშვნის ფაქტზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ეს იყო სწორი გადაწყვეტილება, რადგან ლუსტრაცია ღიად შედგა და არაფერი არ ინიღბება.
„ამიტომ მივესალმები, როცა ხელისუფლება ასეთ ღია ნაბიჯებს დგამს და ცდილობს, რომ ყველგან შინაგან საქმეთა სამინისტრო იყოს“ - განაცხადა ხიდაშელმა.
მისვე თქმით, კოალიციის ლიდერის ბიძინა ივანიშვილისა და მაია მიმინოშვილის შეხვედრა ლოგიკური იყო, რადგან მედია ამბობდა, რომ მიმინოშვილის გათავისუფლების მიზეზი მისი შვილის „ქართული ოცნების“ აქციაში მონაწილეობა გახდა.
ხიდაშელის განმარტებით, ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ამ ფაქტით დაინტერესება მორალური ჟესტი იყო.
