„ქართული ოცნება“ მხარდაჭერას თბილისის მსგავსად, იმერეთისგანაც ელის
„ქართული ოცნება“ მხარდაჭერას თბილისის მსგავსად, იმერეთისგანაც ელის
14:02 30.05.2012
პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, დედალაქის შემდეგ, დიდ შეკრებას 7 ივნისს, ქუთაისში გააგრძელებს.
კოალიციის ერთ-ერთი ლიდერის ზვიად ძიძიგურის განცხადებით, ეს არა მხოლოდ ქუთაისის, არამედ, მთელი იმერეთის რეგიონის სამხარეო ღონისძიება იქნება.
მისი თქმით, 27 მაისს კოალიციას მთელმა თბილისმა ნდობა გამოუცხადა და „ქართული ოცნების“ ღონისძიებებზე საქართველოს სხვა რეგიონებშიც ანალოგიური მხარდაჭერა დაფიქსირდება.
ძიძიგური მიიჩნევს, რომ კოალიციისა და მისი ლიდერის ბიძინა ივანიშვილის მიმართ ნდობა მთელ საქართველოს აქვს, ამის რატიფიკაცია თბილისმა უკვე მოახდინა.
მან აქციაზე პატრულის არყოფნაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ პატრული 27 მაისს თბილისის ქუჩებში არ გამოჩენილა, კოალიციამ აქცია ორგანიზებულად ჩაატარა და არანაირ ინციდენტს ადგილი არ ჰქონია.
„პატრული, რომელიც წესრიგს ყოველი მოქალაქისთვის იცავს და ამბობს, რომ 90%-იანი რეიტინგი აქვს, ორგანიზებულად დაიმალა 27 მაისს და დილის 3 საათიდან საერთოდ არ გამოჩენილა. არგუმენტი, რომ მათი გამოჩენა ჩვენს გაღიზიანებას გამოიწვევდა, სრულიად მიუღებელია“-აღნიშნა ძიძიგურმა და დასძინა, რომ საპატრულო პოლიციას თავად გაუგზავნა ოფიციალური წერილი, რომელშიც პატრულს აქციაზე წესრიგის დაცვას სთხოვდა.
ძიძიგურის თქმით, ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ ხელისუფლებამ უნდა გადახედოს საკუთარ რიტორიკას და შესაძლებლობებს და უფლებამოსილებები სხვა პოლიტიკურ ძალას გადააბაროს.

ბეჭდვა