ქუცნაშვილი - ჩვენ არ წავალთ ქვეყნისთვის ზიანის მომტანი კონსტიტუციის უფლებების გამოყენებაზე
ქუცნაშვილი - ჩვენ არ წავალთ ქვეყნისთვის ზიანის მომტანი კონსტიტუციის უფლებების გამოყენებაზე
12:40 30.05.2012
კოალიცია „ქართული ოცნების“ იურისტთა ჯგუფის ხელმძღვანელი ზაქარია ქუცნაშვილი მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელსაც პრეზიდენტმა  ხელი მოაწერა, უსამართლო და ქვეყნისთვის ზიანის მომტანია.

როგორც „ნიუსპრესს“ ქუცნაშვილმა განუცხადა, ქვეყნის მოყვარე და პასუხისმგებლობის მატარებელი ადამიანი ასე არ მოიქცეოდა.

„ჩვენ, ჩვენი უფლებების დაცვას სასამართლოს გზით გავაგრძელებთ და პრინციპულად მოვითხოვთ, რომ სასამართლო იმ ორივე მიმართულებით შედგეს, რაზეც სარჩელები გვაქვს შეტანილი, ესენია - ივანიშვილისთვის ჩამორთმეული მოქალაქეობის აღდგენა და ნატურალიზაციის გზით მოქალაქეობის მინიჭება“ - აღნიშნა მან.

მისი თქმით, 6 თვეა ამ საკითხებზე სასამართლო პროცესი არ ტარდება, რითაც უკვე კანონით განსაზღვრული ყველა ვადა დაირღვა.

„ჩვენ არ წავალთ ქვეყნისთვის ზიანის მომტანი კონსტიტუციის უფლებების გამოყენებაზე. ჩვენ წავალთ ჩვენი კანონიერი და სამართლებრივი უფლებების რეალიზაციის გზით“ - განაცხადა ქუცნაშვილმა.

საკონსტიტუციო ცვლილებები რომლის თანახმად, საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის და ხმის მიცემის უფლება საქართველოს მოქალაქეებთან ერთად ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეებსაც აქვთ, ძალაში შევიდა.
უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მიერ 22 მაისს დამტკიცებული ცვლილებების თანახმად, 2014 წლის 1 იანვრამდე საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის და ხმის მიცემის უფლება საქართველოს მოქალაქეებთან ერთად, შესაბამისი ასაკიდან აქვთ პირებს, რომლებიც დაბადებული არიან და ბოლო 5 წელი მუდმივად ცხოვრობენ საქართველოში და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეობა აქვთ. ამასთანავე, ცვლილების თანახმად, პარლამენტის წევრად შეიძლება აირჩეს პირი 21 წლის ასაკიდან.
აღნიშნული ცვლილება კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერს ბიძინა ივანიშვილს შემოდგომაზე დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლებას აძლევს. თუმცა, ბიძინა ივანიშვილმა პრეზიდენტს მოუწოდა მასზე ხელი არ მოეწერა, რადგან, მისი თქმით, აღნიშნული ცვლილება სახელმწიფოებრიობის და კონსტიტუციონალიზმის ფუნდამენტური პრინციპების საწინააღმდეგო ისეთი ქმედებაა, რომლის პრეცედენტიც მსოფლიოში არ არსებობს.

ბეჭდვა