საკონსტიტუციო ცვლილებები დღეიდან ძალაში შევიდა, რომლის თანახმად, საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის და ხმის მიცემის უფლება
საქართველოს მოქალაქეებთან ერთად ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეებსაც აქვთ.
ამის შესახებ „ნიუსპრესს“ პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტში აცნობეს.
უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მიერ 22 მაისს დამტკიცებული ცვლილებების თანახმად, 2014 წლის 1 იანვრამდე საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის და ხმის მიცემის უფლება საქართველოს მოქალაქეებთან ერთად, შესაბამისი ასაკიდან აქვთ პირებს, რომლებიც დაბადებული არიან და ბოლო 5 წელი მუდმივად ცხოვრობენ საქართველოში და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეობა აქვთ. ამასთანავე, ცვლილების თანახმად, პარლამენტის წევრად შეიძლება აირჩეს პირი 21 წლის ასაკიდან.
აღნიშნული ცვლილება კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერს ბიძინა ივანიშვილს შემოდგომაზე დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლებას აძლევს. თუმცა, ბიძინა ივანიშვილმა პრეზიდენტს მოუწოდა მას ხელი არ მოაწეროს. მისი თქმით, აღნიშნული ცვლილება სახელმწიფოებრიობის და კონსტიტუციონალიზმის ფუნდამენტური პრინციპების საწინააღმდეგო ისეთი ქმედებაა, რომლის პრეცედენტიც მსოფლიოში არ არსებობს.
