ნუგზარ წიკლაური – ანქვაბზე თავდასხმა შესაძლოა რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ იყოს განხორციელებული
ნუგზარ წიკლაური – ანქვაბზე თავდასხმა შესაძლოა რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ იყოს განხორციელებული
13:47 22.02.2012
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუგზარ წიკლაური არ გამორიცხავს, რომ აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტზე ალექსანდრე ანქვაბზე თავდასხმა რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ იყოს განხორციელებული.
ჟურნალისტებთან საუბარში ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა, რომ შესაძლოა ზოგიერთ საკითხში ანქვაბს აქვს რუსეთის ხელისუფლებისგან განსხვავებული შეხედულებები, კრემლის მიზანს კი აფხაზეთის მთლიანად ასიმილირება წარმოადგენს.
"რამდენიმე თავდასხმა მოხდა ანქვაბზე როცა ის იყო ე.წ. პრემიერი. ამ ინციდენტების გამოძიება ვერ ხდება და ეს მიუთითებს იმაზე, რომ თავდასხმები ჩადენილია არა შემთხვევითი პოლიტიკური დაჯგუფებების მხრიდან, არამედ კარგად დაცული პოლიტიკური წარმომადგენლობის მიერ. შეუძლებელია ამ შემთხვევაში არ ვიფიქროთ, რომ აქ მნიშვნელოვან როლს რუსეთის საოკუპაციო ძალები ასრულებენ" - აღნიშნა წიკლაურმა.
მისივე თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე საბრძოლო მოქმედებისა და ოკუპაციის შემდეგ აფხაზეთის კრიმინალიზება არა მხოლოდ ყოფით დონეზე, არამედ პოლიტიკურ დონეზეც ხდება.
"აფხაზეთში პოლიტიკური ბრძოლა არა დემოკრატიული გზებით, არამედ შეიარაღებული დაპირისპირებით, დაშინებით და შანტაჟით მიმდინარეობს. დიდია ალბათობა იმისა, რომ თავდასხმის უკან სწორედ რუსეთის საოკუპაციო რეჟიმი დგას" - აცხადებს უმრავლესობის წევრი.
დღეს დილით აფხაზეთის დე– ფაქტო პრეზიდენტზე ალექსანდრე ანქვაბზე თავდასხმა განხორციელდა, რომლის დროსაც მისი დაცვის ორი წევრი დაიღუპა. თავად ანქვაბი არ დაშავებულა.

ბეჭდვა