საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს ლატვიელ კოლეგას ანდრის ბერჟინის პირისპირ შეხვდა.
მათ საქართველო-ლატვიის ორმხრივი ურთიერთობებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
მანამდე, ლატვიის პრეზიდენტის სასახლეში მიხეილ სააკაშვილის დახვედრის საზეიმო ცერემონია გაიმართა.
შეხვედრის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი და ანდრის ბერჟინი რიგის სასახლეში ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ. ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის სხვადასხვა სფეროებში ხელშეკრულებებიც გაფორმდება.
მიხეილ სააკაშვილი, მეუღლესთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით ლატვიის რესპუბლიკაში დღეს გაემგზავრა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში სააკაშვილი ლატვიის პრემიერ-მინისტრთან ვალდის დომბროვსკისთან, სეიმის თავმჯდომარესთან სოლვიტა აბოლტინასთან და ქვეყნის სხვა ოფიციალურ პირებთან შეხვედრებს გამართავს.
ამას გარდა, მიხეილ სააკაშვილი საქართველო-ლატვიის ბიზნესფორუმში მიიღებს მონაწილეობას და ლატვიის უნივერსიტეტს ეწვევა, სადაც დაგეგმილია მისი სიტყვით გამოსვლა.
საქართველოს პრეზიდენტი რიგაში შოთა რუსთაველის ბარელიეფს გახსნის და ISAF-ის პროგრამაში საქართველოს მონაწილეობის ამსახველ ფოტოგამოფენას დაათვალიერებს სახელწოდებით - „ერთად საერთო მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის - საქართველო ISAF-ში“.
