„საქართველოს მწვანეთა პარტია“ მაია მიმინოშვილის გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლებას, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ძალადობრივი პოლიტიკის კიდევ ერთ გამოხატულებად აფასებს.
ამის შესახებ „მწვანეთა პარტიის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
„მწვანეთა პარტია“ მიიჩნევს, რომ მიმინოშვილი თავისი პროფესიონალიზმით არსებულ ხელისუფლებაში ერთ-ერთი იშვიათი გამონაკლისი იყო. განცხადებაში ნათქვამია, რომ სწორედ მიმინოშვილისა და მისი გუნდის დამსახურებაა, რომ გამოცდების ეროვნული სისტემა განვითარების თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა.
„რეალურად, ეს იყო არა „პოზიციების პრინციპული შეუთავსებლობა“ მიმინოშვილსა და შაშკინს შორის, არამედ სააკაშვილის „ნულოვანი ტოლერანტობისა“ და პოლიტიკური სიბეცის გამოხატულება“-აცხადებენ „მწვანეები“ და არ გამორიცხავენ, ეს ფაქტი სააკაშვილის პოლიტიკური გუნდის რღვევის სერიოზულ წინაპირობად იქცეს.
