„ქართული აკადემია“ ეროვნული გამოცდების წინ გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მაია მიმინოშვილის თანამდებობიდან გათავისუფლებას, სახელისუფლებო წრეებში გამეფებულ მარაზმისა და სახელმწიფოებრივი აზროვნების კოლაფსის შეფასებას აძლევს.
„ქართული აკადემია“ მიმინოშვილის გათავისუფლების ფაქტს საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ მიმინოშვილმა თავისი კომპეტენცია, პროფესიონალიზმი და პრინციპულობა წლების განმავლობაში დაამტკიცა, თუმცა, ერთპარტიული და ერთპიროვნული მმართველობის პირობებში საჯარო მოსამსახურეს უსიტყვო მორჩილება ევალება, მათი ოჯახის წევრებს კი, თავისუფალი აზროვნება და გამოხატვის თავისუფლება ეკრძალებათ.
„ეს დასჯადი ქმედება იყო საბჭოთა სინამდვილეში და ასევე დასჯადია სააკაშვილის ნეობოლშევიკური რეჟიმის პირობებშიც. განა ვინმესთვის გასაკვირი იქნება, თუ გაირკვევა, რომ მიმინოშვილის გათავისუფლება უკავშირდება მისი შვილის მონაწილეობას „ქართული ოცნების“ აქციაში ან მისი ძმის მიერ გაცხადებულ პოლიტიკურ სიმპათიას“-აღნიშნულია „ქართული აკადემიის“ განცხადებაში.
ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი ისტერიაშია და საკუთარი პარტიის ინტერესებსაც არად აგდებს, „ქართული აკადემია“ საეჭვოდ მიიჩნევს, რომ მსგავსი ანტისახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება საარჩევნო მარათონში ჩართული „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგს წაადგეს.
„ქართული აკადემია“ გამოცდების ეროვნული ცენტრის თანამშრომლების საქციელს იწონებს, რომელთაც მიმინოშვილისადმი სოლიდარობის ნიშნად სამსახური დატოვეს.
