ვახტანგ ხმალაძე - „ქართული ოცნება“ მოვა ხელისუფლებაში და კონსტიტუციაში ამ უგვანო ცვლილებას გააუქმებს
ვახტანგ ხმალაძე - „ქართული ოცნება“ მოვა ხელისუფლებაში და კონსტიტუციაში ამ უგვანო ცვლილებას გააუქმებს
17:33 29.05.2012
პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი, კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე დარწმუნებულია, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, „ქართული ოცნება“ ბევრ საკონსტიტუციო ცვლილებას გააუქმებს.
როგორც „ნიუსპრესს“ ხმალაძემ განუცხადა, ბოლო ცვლილება, რომელიც დეპუტატებმა 22 მაისს მიიღეს, უპრეცედენტოა, რადგან მსოფლიოში არ არსებობს არც ერთ სახელმწიფო, სადაც პრეზიდენტობისა და პარლამენტის წევრობის უფლება აქვს პირს, რომელიც იმ ქვეყნის მოქალაქე არ არის.
ხმალაძის აზრით, ეს ცვლილება ქვეყნის უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას უქმნის საფრთხეს.
„არ ვიცი მოაწერს თუ არა მას პრეზიდენტი ხელს, მაგრამ ერთ რამეში დარწმუნებული ვარ - „ქართული ოცნება“ მოვა ხელისუფლებაში და ამ უგვანო ცვლილებას და კიდევ მრავალს, რომელიც კონსტიტუციაში ნაციონალურმა ხელისუფლებამ წლების განმავლობაში შეიტანა, გააუქმებს“ - განაცხადა ხმალაძემ.
მისი თქმით, უზენაესი კანონის ამ სახით დატოვება დაუშვებელია, ვინაიდან ქვეყანაში დარღვეულია ხელისუფლების დანაწილების პრინციპი, არ არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო, პროკურატურა და პოლიცია კი, პოლიტიზებულია, რასაც , მისივე თქმით, ხელს სწორედ მოქმედი კონსტიტუცია უწყობს.
„ასევე უნდა აღვნიშნო, რომ ის მოდელი, რომელიც მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ უნდა ამოქმედდეს, არსებულისგან დიდად არ განსხვავდება“-განაცხადა ხმალაძემ და აღნიშნა, რომ ახალი მოდელის მიხედვით, განუზომელი ძალაუფლების პრეზიდენტი განუზომელი ძალაუფლების პრემიერით იცვლება.
„ჩვენთვის, მოქალაქეებისთვის სულ ერთია, მგელი შეგვჭამს თუ მგლისფერი ძაღლი“-განაცხადა მან.
საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის პრეზიდენტს ხელი ჯერ არ მოუწერია.
ცვლილებების თანახმად, 2014 წლის 1 იანვრამდე საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის და ხმის მიცემის უფლება საქართველოს მოქალაქეებთან ერთად, შესაბამისი ასაკიდან აქვთ პირებს, რომლებიც დაბადებული არიან და ბოლო 5 წელი მუდმივად ცხოვრობენ საქართველოში და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეობა აქვთ. ამასთანავე, ცვლილების თანახმად, პარლამენტის წევრად შეიძლება აირჩეს პირი 21 წლის ასაკიდან.

ბეჭდვა