პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის მხრიდან მისი მისამართით გამოთქმულ კრიტიკაზე განცხადებას ავრცელებს.
მისი განმარტებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ მის მიერ გამოთქმულ შენიშვნებს აღნიშნული ტელევიზიის ხელმძღვანელთა მხრიდან პასუხად ცილისწამება მოჰყვა.
„კონკრეტულად, აცხადებენ, თითქოს, მე მედიაზე და კერძოდ, საზოგადოებრივ მაუწყებელზე „ზეწოლას“ ვახდენ და მას ვაშანტაჟებ, როდესაც ვაცხადებ, რომ საზოგადოების ფულით დაფინანსებული ტელევიზია თავის სათანადო მოვალეობას უნდა ასრულებდეს“ - აცხადებს ივანიშვილი.
საზოგადოებრივი მაუწყებლის განცხადებასთან დაკავშირებით, ივანიშვილი კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მაუწყებელი საზოგადოების ინტერესების გამომხატველი უნდა იყოს და არა ხელისუფლების ნების შემსრულებელი.
ამასთან, ივანიშვილი პირობას დებს, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ხალხის სამსახურში ჩადგეს და მისი სარედაქციო დამოუკიდებლობა გარანტირებული იყოს.
ივანიშვილის განცხადებებთან დაკავშირებით, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა საპასუხო განცხადება გუშინ გაავრცელა. მაუწყებელმა პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის მიერ მაუწყებელთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება მედიაზე ზეწოლის კამპანიად შეაფასა. მათი თქმით, ივანიშვილისგან მაუწყებლის მუშაობის შეწყვეტის მუქარა აღიქმება, როგორც დაუფარავი შანტაჟი და სარედაქციო პოლიტიკის წინასაარჩევნოდ შეცვლის უხეში მცდელობა.
ბიძინა ივანიშვილმა გუშინ ბრიფინგზე საზოგადოებრივ მაუწყებელს რიტორიკა დაუწუნა და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ამ არხს საზოგადოება ხელფასს არ გადაუხდის თუ ისეთი განწყობა იქნება საზოგადოების მიმართ, როგორიც მისი ერთ-ერთი გადაცემის წამყვანს ჰქონდა. მისივე განმარტებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებს „თავიანთი რიტორიკის გადაწყობა მოუწევთ“, წინააღმდეგ შემთხვევაში, საზოგადოება ფულს აღარ გადაიხდის.
