„ქრისტიან–დემოკრატები“ უმუშევრის სტატუსის შემოღებას მოითხოვენ
„ქრისტიან–დემოკრატები“ უმუშევრის სტატუსის შემოღებას მოითხოვენ
16:26 29.05.2012
საპარლამენტო ფრაქცია „ქრისტიან–დემოკრატები“ მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში უმუშევრის სტატუსი და სოლიდარული სოციალური დაცვის სისტემა უნდა იქნეს შემოღებული.
როგორც ფრაქციის წევრებმა მაგდა ანიკაშვილმა და ლევან ვეფხვაძემ დღეს შვედეთში ვიზიტის შედეგებზე საუბრისას განაცხადეს, საქართველოსთვის გასათვალისწინებელია ჯანდაცვის შვედური მოდელის გარკვეული ელემენტები.
„ამ მოდელის თანახმად, შეძლებული პირები მეტ გადასახადს იხდიან, ვიდრე სოციალურად დაუცველები და მხოლოდ საბაზისო სერვისებს იღებენ, სოციალურად დაუცველი ჯგუფები კი, დამატებითი სამედიცინო სერვისით სარგებლობენ“ - განაცხადა ანიკაშვილმა.
მისი თქმით, უმწეოთა ჯგუფში ხანდაზმულები, მცირეწლოვნები და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები შედიან.
რაც შეეხება საზოგადოების დაუცველ, მაგრამ შრომისუნარიან ნაწილს, დეპუტატი მიიჩნევს, რომ მათთვის სახელმწიფომ უმუშევრის სტატუსი უნდა შემოიღოს და უმუშევრობის დახმარება დაწესდეს. ამასთანავე, სახელმწიფო უმუშევრებს ადეკვატური დასაქმების შესაძლებლობას უნდა სთავაზობდეს.
როგორც დეპუტატებმა აღნიშნეს, პარტია ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკუთარ პროგრამას შვედური მოდელის გამოცდილების გათვალისწინებით განაახლებს. ამასთანავე, ივნისის ბოლოს შვედი კოორდინატორების მონაწილეობით შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართება, რის შემდეგაც ქდმ წინასაარჩევნო პროგრამას ამომრჩეველს გააცნობს.








ბეჭდვა