გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის პოსტიდან მაია მიმინოშვილის პოლიტიკური მოტივით გათავისუფლება ეუთო-ს კოპენჰაგენის დოკუმენტს ეწინააღმდეგება.
საპარლამენტო ფრაქცია „ქრისტიან–დემოკრატების“ წევრის, ვიცე-სპიკერის ლევან ვეფხვაძის განაცხადებით, თუ მაია მიმინოშვილი თანამდებობიდან მისი პოლიტიკური შეხედულებების გამო გაათავისუფლეს, მაშინ განათლების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა კოპენჰაგენის ეუთო-ს ფუნდამენტური დოკუმენტი დაარღვია.
„აბსოლუტურად წარმოუდგენელია, რომ 21-ე საუკუნეში, დემოკრატიულ სამყაროში ვინმეს სამსახურიდან პოლიტიკური შეხედულების გამო უშვებდნენ. ხოლო თუ მოტივი პოლიტიკური არ არის, მაშინ სამინისტროს ნამდვილად ვერ შეურჩევია ადეკვატური დრო ამ ცვლილებისთვის, რადგან საატესტაციო და ეროვნული გამოცდები კარზეა მომდგარი“ – განუცხადა ჟურნალისტებს ვეფხვაძემ.
მისი თქმით, ამ ეტაპზე სამინისტრო გადაწყვეტილებას არა იმაზე დაყრდნობით უნდა იღებდეს, ვის რა შეუთავსებლობა აქვს, არამედ რა ელით აბიტურიენტებს.
რაც შეეხება საჯარო მოხელეთა პოლიტიკურ შეხედულებებს, ვეფხვაძემ აღნიშნა, რომ არსებობს ეუთო-ს ფუნდამენტური დოკუმენტი, რომელიც ძალიან მკაფიოდ მიჯნავს მმართველ პარტიასა და სახელმწიფო მოხელეს.
„სახელმწიფო ბიუროკრატიაში ყოფნა არ უნდა ნიშნავდეს იმას, რომ ეს პირი რომელიმე მმართველი პარტიის წევრია. მოსაზრება, რომ ბიუროკრატიაში არ შეიძლება მუშაობდნენ ადამიანები, რომლებიც ოპოზიციური პარტიების მოსაზრებას იზიარებენ, არღვევს კოპენჰაგენის ეუთო-ს ფუნდამენტური დოკუმენტის პრინციპებს“ – განაცხადა დეპუტატმა.
მიმინოშვილი განათლების მინისტრმა თანამდებობიდან რეფორმების პროცესში შეუთანხმებლობის მოტივით გუშინ გაათავისუფლა.
გავრცელებული ინფორმაციით, მიმინოშვილი თანამდებობიდან იმიტომ დაითხოვეს, რომ მისი შვილი მეუღლესთან ერთად, 27 მაისს კოალიცია „ქართული ოცნების“ აქციაზე იმყოფებოდა. მიმინოშვილმა მისი ვაჟის აქციაზე დასწრების ფაქტი დაადასტურა.
