კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ ბიძინა ივანიშვილისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის უკვე ყოფილი ხელმძღვანელის მაია მიმინოშვილის შეხვედრის ამსახველი ვიდეომასალა გაავრცელა.
ვიდეოჩანაწერში ივანიშვილი განმარტავს, რომ მან მიმინოშვილისგან პირადად მოისმინა მისი თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზების შესახებ და ასევე, განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს.
„ბევრი ვისაუბრეთ. უფრო კარგად გავერკვიე, იმაში თუ რა ხდება დღეს განათლების სამინისტროში. კი ვიცოდი, თუმცა ქალბატონმა მაიამ უფრო კარგად დამანახა დამოკიდებულებები“ - აღნიშნა ივანიშვილმა.
მიმინოშვილის თქმით, სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზად მას მინისტრმა პიროვნული შეუთავსებლობა დაუსახელა, თუმცა, რა იგულისხმება ამაში, მისთვის ცნობილი არ არის.
„ალბათ, შაშკინისთვის მიუღებელი იყო ის, თუ როგორ ვიყავი მიჩვეული მე ადამიანებთან ურთიერთობას. ჩემს ორგანიზაციაში არასდროს ვიღებდით ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას, ყველაფერი კამათის და აზრების გაზიარების გზით წყდებოდა. არამგონია, დანაშაული იყოს მინისტრისთვის გარკვეულ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრების მიწოდება“ - აღნიშნა მან.
მიმინოშვილმა შაშკინთან თანამშრომლობის პერიოდზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს მარტივი არ იყო.
როგორც მიმინოშვილმა განაცხადა, მისთვის მინისტრის გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო, ვინაიდან ქვეყანაში ახლა საგამოცდო პერიოდია.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილმა ხელმძღვანელმა უარყო ინფორმაცია, თითქოს, იგი რეფორმების განხორციელებას ხელს უშლიდა. მისი განმარტებით, გარდა საგამოცდო საკითხებისა, მას სამინისტროსთან არავითარი ურთიერთობა არ ჰქონია.
მიმინოშვილი გათავისუფლების სავარაუდო მიზეზად საკუთარ ვაჟთან სატელეფონო საუბარს ასახელებს. როგორც მან განმარტა, 27 მაისს შვილმა ტელეფონით უთხრა, რომ „ქართული ოცნების“ აქციაში მონაწილოებდა, 28 მაისს კი, იგი გაათავისუფლეს. მიმონოშვილი ვარაუდობს, რომ ამის მიზეზი შვილის პოლიტიკური შეხედულებებია, რომელშიც ის არასდროს ერეოდა.
აღნიშნული ფაქტი ბიძინა ივანიშვილმაც დაგმო და აღნიშნა, რომ ეს იმ სისტემის ბრალია, რომელიც მხოლოდ ერთი კაცის სურვილზეა მორგებული. მისი შეფასებით, დიმიტრი შაშკინი ამ ყველაფრის მხოლოდ პატარა ჭანჭიკია.
