პოლიტიკური პარტია „სალომე ზურაბიშვილი-საქართველოს გზა“ გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელის მაია მიმინოშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების ფაქტს გამოეხმაურა და მინისტრის დიმიტრი შაშკინის პასუხისგებაში მიცემა მოითხოვა.
„შაშკინის ნაჩქარევი და უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს და გვიტოვებს განცდას, რომ გადაწყვეტილება პოლიტიკურადაა მოტივირებული“-განაცხადეს პარტიაში.
პარტიის წევრთა თქმით, სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ძნელია ისეთი შემთხვევის გახსენება, როდესაც კონკრეტული თანამდებობის პირები უფლებამოსილების გადამეტების ან თანამდებობრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების გამო გაათავისუფლეს.
„ხალხს სამსახურს მხოლოდ პოლიტიკური მოტივით ატოვებინებენ. შაშკინის გადაწყვეტილება ძლიერ დარტყმას აყენებს გამოცდების მიმდინარეობის პროცესს და მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მოსწავლეების და აბიტურიენტების მომავალზე“-განაცხადეს პარტიაში.
როგორც პარტია „საქართველოს გზაში“ აცხადებენ, პოლიტიკურმა პროცესებმა შეუქცევადი ხასიათი მიიღო, რითაც ცხადი ხდება, რომ მმართველ გუნდს ვინმესთან კი არ აქვს „პრინციპული შეუთავსებლობა“, როგორც ეს მიმინოშვილთან მიმართებით თქვეს, არამედ, მათი თქმით, ეს არის პასუხი საქართველოს მოქალაქეების შეუთავსებლობაზე ხელისუფლების მიმართ.
