ნატო-ს საინფორმაციო ცენტრში ალიანსის მუშაობა შეფასდა
ნატო-ს საინფორმაციო ცენტრში ალიანსის მუშაობა შეფასდა
15:09 29.05.2012
თბილისში ნატო-ს საინფორმაციო ცენტრში ჩიკაგოს სამიტის თემაზე დისკუსია გაიმართა.
დისკუსიაში საქართველოში ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები მონაწილეობდნენ. ბრიუსელიდან, ნატო-ს შტაბ-ბინიდან ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწის სახალხო დიპლომატიის საკითხებში კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩის ჩართვა განხორციელდა.
კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩმა ჩიკაგოს სამიტისა და ზოგადად ნატო-ს მუშაობის შემაჯამებელი მოხსენება წაიკითხა. მან სამი ძირითადი საკითხი გამოყო - ნატო-ს სამშვიდობო ოპერაციები, გლობალური უსაფრთხოების საკითხები და ნატო-ს თანამშრომლობა პარტნიორ ქვეყნებთან.
სამშვიდობო ოპერაციების კუთხით გენერალური მდივნის წარმომადგენელმა ყურადღება ავღანეთსა და ISAF-ის პროგრამაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ქვეყნის ტერიტორიის 75%-ის უსაფრთხოებაზე ნატო-ს მისიებმა პასუხისმგებლობა ადგილობრივ ხელისუფლებას გადააბარეს. ახლა, მისი თქმით, მნიშვნელოვანია ავღანეთის ხელისუფლებამ დემოკრატიისკენ სვლა განაგრძოს. მან სამშვიდობო ოპერაციებში საქართველოს სამხედრო კონტინგენტის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ ალიანსი ამას განსაკუთრებით აფასებს.
რაც შეეხება მსოფლიო უსაფრთხოების საკითხებს, გრაბარ-კიტაროვიჩის განცხადებით, აუცილებელია მოხერხდეს კრიზისის თავიდან აცილება, ამისთვის კი, ფინანსების ჭკვიანურად და საჰაერო და სახმელეთო თავდაცვის გაძლიერებისთვის ახალი გონივრული თავდაცვითი სისტემების შემუშავებაა საჭირო.
მან ნატო-პარტნიორებზე საუბრისას განმარტა, რომ ჩიკაგოს სამიტზე პარტნიორი ქვეყნების მიერ მიღწეულ პროგრესს ხაზი გაესვა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია პარტნიორმა ქვეყნებმა ალიანსისკენ სვლა განაგრძონ, ამ საკითხში კი, ნატო მათ ყველანაირად მხარს დაუჭერს.

ბეჭდვა