ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი საქართველოს 11 ივნისს ეწვევა. ამის შესახებ
ჟურნალისტებს საინფორმაციო ცენტრი ნატო-ს შესახებ დირექტორმა თენგიზ გოგოტიშვილმა განუცხადა.
მისი განმარტებით, აპატურაი 11 ივნისს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ საქართველოში ნატო-ს კვირეულის ფარგლებში კონფერენციას გახსნის.
ამ დროისთვის ცნობილია, რომ აპატურაი ვიზიტის ფარგლებში თავისუფალ უნივერსიტეტსაც ეწვევა და სტუდენტებთან შეხვედრას გამართავს. ასევე იგეგმება რამდენიმე ორმხრივი შეხვედრაც.
გოგოტიშვილმა განმარტა, რომ აპატურაის საქართველოში ვიზიტი 11-16 ივნისს საქართველოში ნატოს კვირეულის ფარგლებში იგეგმება.
ნატო-ს დღეები საქართველოში შემოდგომაზე აღინიშნებახოლმე, თუმცა, გოგოტიშვილის თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ შემოდგომაზე საქართველოში არჩევნები იმართება, ღონისძიებამ ზაფხულში გადმოინაცვლა.
გოგოტიშვილის თქმით, წელს კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღონიძიებები საქართველოს თითქმის ყველა რეგიონს მოიცავს და ის ძირითადად ახალგაზრდებზე იქნება ორიენტირებული.
კვირეულის ფარგლებში ჟურნალისტებისთვის ნატოს საკითხებზე საზაფხულო სკოლაც გაიხსნება.
გოგოტიშვილის ინფორმაციით, საქართველოში ნატო-ს წევრი ქვეყნების ელჩები ჩამოვლენ და საზაფხულო სკოლაში ლექციებს წაიკითხავენ.
დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ივნისის დასაწყისში გახდება ცნობილი.
