კახა კალაძე დღეს განცხადებას გააკეთებს
კახა კალაძე დღეს განცხადებას გააკეთებს
13:01 29.05.2012
საფეხბურთო ნაკრების ყოფილი კაპიტანი, იტალიური საფეხბურთო გუნდის „ჯენოას“ ყოფილი წევრი კახა კალაძე დღეს იტალიაში მიმდინარე საფეხბურთო სკანდალთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს.
კალაძის პრესკონფერენცია 15:00 საათისთვის კოლიაცია „ქართული ოცნების“ ოფისში დაინიშნა.
იტალიური პრესის ინფორმაციით, იტალიელმა სამართალდამცავებმა ე.წ. ჩაწყობილ საფეხბურთო თამაშებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყეს. მათ მოწმის სტატუსით უკვე 60-მდე ფეხბურთელი დაკითხეს. იტალიური მედია ვარაუდობს, რომ მოწმის სტატუსით შესაძლოა, დაკითხვაზე კალაძეც გამოიძახონ.
ამასთან, როგორც „ნიუსპრესს“ „კალა ფონდის“ ხელმძღვანელმა ოთარ ჩრდილელმა განუცხადა, იტალიელ სამართალდამცავებს კალაძე დაკითხვაზე არ გამოუძახიათ.
მისივე თქმით, იტალიაში ე.წ. ჩაწყობილ თამაშებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებისას, ქართველი ფეხბურთელის მოწმის სტატუსით გამოძახების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია მხოლოდ პრესის ვარაუდია.
„პრესის ვარაუდია, რომ კალაძეს, როგორც „ჯენოას“ პოპულარულ ფეხბურთელს, მოწმის სტატუსით დაკითხავენ. კალაძეს ჩაწყობილ თამაშებთან არაფერი აკავშირებს“ - განაცხადა ჩრდილელმა.


ბეჭდვა