მინდია გულუა ამტკიცებს, რომ 27 მაისის აქციამ ივანიშვილი-ხელისუფლების გარიგება დაადასტურა
მინდია გულუა ამტკიცებს, რომ 27 მაისის აქციამ ივანიშვილი-ხელისუფლების გარიგება დაადასტურა
11:31 29.05.2012
პოლიტიკური პარტია „განახლებული საქართველოსთვის“ საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში მთავარი მრჩეველის მინდია გულუას განცხადებით, კოალიცია „ქართული  ოცნების“ ორგანიზებული მსვლელობისა და აქციის მშვიდობიანად დასრულების ფაქტმა, კოალიციის ლიდერის ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებასთან გარიგება კიდევ ერთხელ დაადასტურა. ამის შესახებ პარტიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„მშვიდობიანმა“ აქციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ივანიშვილი და „ნაცმოძრაობა“ ერთი მთელის ორი ნაწილია. ამის თქმის საფუძველს 27 მაისის „სახალხო სეირნობა“ მაძლევს, რომელიც ხელისუფლების „კეთილი ნების“ წყალობით, ექსცესების გარეშე ჩატარდა“ - აღნიშნავს მინდია გულუა.
ამასთან, ის საზოგადოებას „განახლებული საქართველოსთვის“ მიერ 12 მაისის ორგანიზებულ დევნილთა შეკრებას შეახსენებს, რომელიც, ასევე, მშვიდობიანი იყო, თუმცა, ხელისუფლებამ პარტიის ახალგაზრული ორგანიზაციის რამდენიმე წევრი დააკავა.
გულუას განმარტებით, მის პროტესტს სწორედ ივანიშვილის მხრიდან სახელისუფლებო ინტერესების მიხედვით მოქმედება იწვევს. მისივე აზრით, ივანიშვილი არსებული ხელისუფლებისთვის მმართველობის ვადის გახანგრძლივებას ემსახურება.
„27 მაისის აქციის მასშტაბურობას თვალს ვუსწორებ, მაგრამ დანამდვილებით ვიცი, თუ ქართველი ხალხი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების მიმართ კრიტიკული არ იქნება, შესაძლოა, გამოუსწორებელი შეცდომები დავუშვათ“ - აცხადებს გულუა.
რაც შეეხება გულუას პოლიტიკურ გეგმებს, მისი თქმით, ის უახლოეს მომავალში დაამტკიცებს, რომ ქვეყნის აღმშენებლობას კონკრეტული პროგრამებით აპირებს და არა „ილუზორული ოცნებით“.

ბეჭდვა